ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს დაუსჯელი არ დარჩება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბელარუსის ხელისუფლების მიერ ცნობილი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების ტვიტერზე გამოეხმაურა.
“თვითმფრინავი აფრინდა. მგზავრების უმრავლესობა ბორტზე იმყოფება. თვითმფრინავი ვილნიუსში 20 წუთში დაჯდება. იძულებითი დაშვება, ჟურნალისტის გატაცება და 100-ზე მეტი მგზავრის მძევლად აყვანა საერთაშორისო საზოგადოების და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილი შემზარავი დანაშაულია. ეს დაუსჯელი არ დარჩება.”
ნახევარ საათში ლანდსბერგისმა კიდევ ერთი ტვიტი დაწერა: “დაეშვა!”
---------------
ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავების მიზნით "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა.