ლიეტუვის სეიმმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია: რუსებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ
ლიეტუვის სეიმმა ხუთშაბათს პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ვეტო დაძლია კანონზე, რომელიც რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა ტიპის სანქციებს აწესებს.
კენჭისყრის შედეგებით, ვეტოს დაძლევას მხარი 99-მა ლიეტუველმა პარლამენტარმა დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.
ვეტოს დასაძლევად სეიმის 77 წევრის ხმა საკმარისი იყო.
ნაუსედა მოითხოვდა, რომ შეზღუდვები თანაბრად გავრცელებულიყო როგორც რუსებზე, ასევე ბელორუსებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ისევე როგორც ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბელორუსების მიმართ უფრო მსუბუქი ზომები უნდა გატარდეს.
კანონის მიღებული ვერსია რუსებსა და ბელორუსებს უზღუდავს შესაძლებლობას, მიიღონ ლიეტუვაში ვიზები, ასევე ლიეტუვადან უკრაინული ჰრივნას იმპორტი და ექსპორტი განახორციელონ 2024 წლის მაისამდე.
გარდა ამისა, რუსებს დროებით ჩამოერთმევათ უძრავი ქონების შეძენის უფლება და მათი განაცხადები დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიიღება.
სეიმის შეზღუდვები არ ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსის ყველა მოქალაქეზე, კანონი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს.
კენჭისყრამდე ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ კანონპროექტი რუსებისა და ბელორუსების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, სეიმმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული.