ლიონთან ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
16 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ვო-ენ-ველენში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი 3-დან 15 წლამდე ბავშვი, კიდევ 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამ ინფორმაციას ოვერნი-რონ-ალპის რეგიონის პრეფექტურა ავრცელებს.
ლიონის გარეუბანში შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო მანქანა მივიდა. ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში სპეციალიზებული სამსახურის 170 თანამშრომელი მონაწილეობდა.
BFMTV-ს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. კვამლმა გაართულა მოსახლეობის ევაკუაცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალ დარმანინის თქმით, ხელისუფლებამ ჯერ არ იცის შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი და გამოძიება დაიწყება. მან აღნიშნა, რომ მუდმივ კონტაქტზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.