ბრიტანული დაზვერვა: რუსეთს ომის გასაგრძელებლად საბრძოლო მასალა ეწურება

რუსეთმა, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის თქმით, პრაქტიკულად ამოწურა საბრძოლო მასალის მარაგი უკრაინასთან ომის საწარმოებლად. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა სამშაბათს, 11 ოქტომბერს, BBC რადიოსადგურის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ვიცით და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმაც იციან, რომ მათი საბრძოლო მასალის მარაგი ამოიწურება", - თქვა ფლემინგმა.

გარდა ამისა, პატიმრებისა და გამოუცდელი ადამიანების მობილიზება რუსეთის ჯარში არსებულ გამოუვალ მდგომარეობაზე მოწმობს, მიიჩნევს დაზვერვის ხელმძღვანელი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს და არასწორ გათვლებს აკეთებს, რადგან მისი ბრძანების წინააღმდეგ ვერავინ მიდის.

პუტინის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები აშკარა ხდება რუსებისთვის, ფლემინგმა თქვა: "ისინი გაურბიან ჯარს, ხვდებიან, რომ ვეღარ შეძლებენ მოგზაურობას და კარგავენ წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიებზე."

ლონდონი იმედოვნებს, რომ დროულად აღმოაჩენს, რომ რუსეთი სერიოზულად არის მზად გამოიყენოს ბირთვული იარაღი. "იმედი მაქვს, ჩვენ დავინახავთ გარკვეულ ნიშნებს, თუ ისინი (რუსეთის ხელისუფლება) გადაწყვეტენ ამაზე წასვლას. მაგრამ მოდი, ძალიან მკაფიო ვიყოთ, თუ ისინი განიხილავენ ამ ვარიანტს, ეს იქნება კატასტროფა იმ გაგებით, რაზევ უკვე ბევრმა ისაუბრა", - აფრთხილებს ფლემინგი რუსეთს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ბირთვული დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ემზადება მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები