ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadow-ს რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცა
ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაუშვას უკრაინის მიერ Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.
ამის შესახებ The Guardian ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამის შესახებ გამოცემამ 11 სექტემბერს, კიევში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის ერთობლივი ვიზიტისადმი მიძღვნილ სტატიაში აღნიშნა.
ვიზიტის დროს ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდნენ, რათა განეხილათ დასავლეთის მიერ შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღით დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე.
გაზეთის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბლინკენი და ლემი კიევში ერთად მხოლოდ იმიტომ ჩავიდნენ, რომ Storm Shadow-ზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავდროულად, როგორც The Guardian აღნიშნავს, ლემის გადაწყვეტილება საჯაროდ კიევში რომ გამოეცხადებინა, მისი სიტყვები შეიძლება ზედმეტ პროვოკაციულად აღქმულიყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ რაკეტების გამოყენება სავარაუდოდ შეზღუდვებს დაექვემდებარება "არასაჭირო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად."
კიევში ვიზიტის დროს ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები პირველივე დღიდან მზად იყო თავისი პოლიტიკის ადაპტირებისთვის, რადგან უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვალა. "ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას," - თქვა მან.
ბლინკენმა თქვა, რომ მას სურდა უშუალოდ მოესმინა ზელენსკისა და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირებისგან იმის შესახებ, თუ რა არის კიევის მიზნები ომში და რა შეიძლება გააკეთოს ვაშინგტონმა მათ მისაღწევად.
შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ჰქონდა "ძალიან შინაარსობრივი და გრძელი საუბარი" ბლინკენთან და ლემისთან.