ლუკაშენკოს ბოდიში, ძლიერი ტრამპი და ნატო - ზელენსკის მთავარი აქცენტები ფრიდმანთან
უკრაინის პრეზიდენტმა 3-საათიანი ინტერვიუ მისცა ამერიკელ იუთუბერ ლექს ფრიდმანს, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა ომის მიზეზებზე, კონფლიქტის გადაჭრის გზებსა და სამართლიანი მშვიდობის პირობებზე.
ინტერვიუში, რომელიც კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისშია ჩაწერილი ზელენსკი ძირითადად უკრაინულად საუბრობდა, ხოლო ფრიდმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე, ალაგ-ალაგ რუსულზე გადადიოდა ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ფრიდმანმა ინტერვიუს ჩაწერა რუსულად ითხოვა - ზელენსკიმ განუმარტა, რომ ის თავისუფლად მეტყველებს რუსულად, თუმცა შექმნილ ვითარებაში, როდესაც უკრაინის ქალაქები ყოველდღე იბომბება რუსულად ინტერვიუს ჩაწერა პრინციპული საკითხი იყო, მით უფრო, რომ ენის საკითხი უკრაინელებისთვის მიმდინარე ომის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინტერვიუს დასაწყისში ფრიდმანმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში გეგმავს ვრცელი საუბარი ჩაწეროს ვლადიმირ პუტინთანაც - საუბრის პირველ ნაწილში ფრიდმანი ამბობდა, რომ მისი აზრით, 25 იანვარს ტრამპი, პუტინი და ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და იპოვონ მშვიდობიანი გამოსავალი.
სანქციების შესახებ
როდესაც, საუაბარი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის პერიოდზე ჩამოვარდა, უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი საუბრები დასავლელ ლიდერებთან.
"მე მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი, პირველ რიგში აშშ-ს - თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, თუ თქვენ გაქვთ მტკიცებულებები, თუ თქვენ ელაპარაკებით პუტინს და იცით, რომ შეჭრა იქნება, თუ თქვენ ეს გაშინებთ, მე არ ვითხოვ მტკიცებულებებს, მე ვითხოვ ორ რამეს: მოგვეცით შეიარაღება, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია იმოქმედეთ პრევენციულად, მე საუბარი მქონდა სანქციებზე"- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინელი პრეზიდენტი ამბობს, რომ მაშინ დასავლეთის ლიდერებმა უარი თქვეს ემოქმედათ პრევენციულად და განუცხადეს, რომ სანქციებს იმ შემთხვევაში დააწესებდნენ, თუ კი რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრებოდა - "ეს უბრალოდ **ეობაა, სისულელე."
ფრიდმანის დამაზუსტებელ კითხვას, იყო თუ არა საკმარისი დასავლეთის დახმარება სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ზელენსკი უარყოფითად პასუხობს - "მე ვთვლი, რომ არა, ჩვენ ვერ მივიღეთ დახმარება, თუ ჩათვლით, რომ სიტყვები დახმარებაა, მაშინ ძალიან ბევრი დახმარება მივიღეთ."
ლუკაშენკოს ბოდიში
ინტერვიუს ამავე ნაწილში ზელენსკიმ ომის პირველ დღეებში ბელარუსის დიქტატორთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა, რომლის დროსაც ლუკაშენკომ ბოდიში მოუხადა.
"მე ველაპარაკე ლუკაშენკოს, მან ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ გადაწყვეტილება მას არ მიუღია. მისი ტერიტორიიდან გვესროდნენ რაკეტებს, ის კი მეუბნებოდა: დამიჯერე, ამას მე არ ვაკეთებ, მეუბნებოდა, რომ ვითარებას ვერ აკონტროლებდა. მე ვუთხარი, რომ ის ისეთივე მკვლელია როგორც პუტინი, ის კი მპასუხობდა, რომ რუსებთან ომი დაუშვებელია."
ზელენსკის თქმით, კომპენსაციის სახით ლუკაშენკომ შესთავაზა დარტყმა მიეტანა ბელარუსის ინფრასტრუქტურაზე და ერთ-ერთ ვარიანტად მოზირსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შესთავაზა.
ლუკაშენკოსთან გამართული საუბრის შესახებ უკრაინელმა პრეზიდენტმა პირველად განაცხადა.
ზავის პირობებზე
ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და შესაძლებლობებზე საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს პარიზში ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში ვლადიმირ პუტინთან გამართული ერთადერთი შეხვედრის გახსენებით დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფარგლებში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა 1 თვეში დაარღვია - "მე მას სულ ვურეკავდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე რუსებმა უბრალოდ შეწყვიტეს ყურმილის აღება. მე მორიგი შეხვედრა მინდოდა, რუსები უარს გვეუბნებოდნენ, ჩვენ ვცდილობდით ევროპელების დახმარებით შეხვედრის ორგანიზებას, მაგრამ რუსებს არ უნდოდათ და რაღაც სისულელეებს იმიზეზებდნენ."
პუტინთან და დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრამდე აუცილებელია მისი დონალდ ტრამპის წინასწარი კომუნიკაცია და პროცესში ევროპელების ჩართვა.
"ჯერ შევხვდები ტრამპს და მოველაპარაკები, როგორ უნდა გავაჩეროთ ომი და თუ კი ის შემოგვთავაზებს უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი რუსებთან, მხოლოდ ასე და არა ასე პირდაპირ სამმხირივი შეხვედრა."
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში თავისი ხმა ჰქონდეთ ევროპელებს და დარწმუნებულია, რომ ერთობლივად დასავლეთს შეუძლია უკრაინისთვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების მიწოდება.
ზელენსკის თქმით, შექმნილ ვითარებაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტია რუსეთის თავდაუსხმელობა იქნება - მისი თქმით, ყველაზე მარტივად ამის მიღწევა უკრაინის ნატოში გაწევრიანებით შეიძლება, მათ შორის იმ დათქმით, რომ მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს ამჟამად ოკუპირებულ ტეროტირიებზე.
უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ნატოში უკრაინის გაწევრიანება ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაა რუსეთისთვისაც, ვინაიდან ეს დააზღვევს რევანშისტული განწყობების გამარჯვებას მომავალში.
ზელენსკის თქმით, არ არის აუცილებელი უსაფრთხოების გარანტიები მაინდამაინც ნაატოში გაწევრიანებით იყოს გამოხატული, მისი აზრით არსებობს თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმატები, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის - ასეთ მაგალითად ზელენსკიმ ისრაელისა და დასავლეთის ურთიერთობები დაასახელა.
ამასთანავე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აღქმა თითქოს პუტინს სურს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ხოლო უკრაინა წინააღმდეგია არასწორია - მისი თქმით, პუტინის ომის გაგრძელება სურს და შესვენებას მხოლოდ ძალების აღსადგენად გამოიყენებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს არ დაელოდნონ როდის მოუნდება პუტინს რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყება, არამედ აიძულონ ის გადადგას ეს ნაბიჯი.
ბუდაპეშტის მემორანდუმი
ზელენსკიმ აქცენტი გააკეთა იმ არასახარბიელო გამოცდილება, რომელიც უკრაინელებს დასავლეთისგან მიღებული უსაფრთხოების გარანტიების კუთხით დაუგროვდათ.
ამ კონტექსტში უკრაინელმა პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოსგან მიღებული "გარანტიების" სანაცვლოდ ქვეყანამ უარი თქვა ბირთვულ არსენალზე.
"რა წერია მემორანდუმში? კონსულტაციები, უნდა გაიმართოს კონსულტაციები, უნდა ჩამოვიდნენ და დაიწყონ მსჯელობა როგორც უპასუხონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ვინ ჩამოვიდა? ამერიკა, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი? არავინ, რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ ფეხებზე ეკიდათ, ფეხებზე ეკიდათ",- თქვა ზელენსკიმ.
საუბრის ამავე ნაწილში ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა და განაცხადა, რომ მას დიდად არ აინტერესებდა საერთოდ სად იყო უკრაინა და რა ხდებოდა ადგილზე.
უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მთავარი სწორედ კონფლიქტის იმგვარი დასასრული იქნება, რომლის ფარგლებშიც უკრაინა დარწმუნებული იქნება, რომ თავდასხმა არ განმეორდება.
ზელენსკის თქმით, ტრამპს აქვს შესაძლებლობა ომი მაქსიმალურად სამართლიან პირობებზე დაასრულოს, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს მისი ეშინია.
უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მიდგომას - "მშვიდობა ძალის მეშვეობით" და ამერიკელი პრეზიდენტი ხვდება უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას.
საქართველო
ვოლოდიმირ ზელენსკის გაოცება შესამჩნევი გახდა, როდესაც ლექს ფრიდმანმა განაცხადა, რომ პუტინის მისი აზრით, რუსი ერი უყვარს.
"ის (პუტინი) შემოიჭრა აქ და გამოგზავნა ჯარი, მან გაგზავნა ჯარი ჩეჩნეთში, სირიაში, აფრიკაში... 788 ათასი მოკლული ან დაჭრილი რუსი ჯარისკაცია, ის ხომ მათ რუსებს ეძახის, მათ შორის, რომლებიც რუსულადაც ვერ ლაპარაკობენ, ყველა ის ხალხები, რომლებიც მათ დაიმონეს.. და თქვენ მელაპარაკებით ხალხის სიყვარულზე, რა სიყვარულზეა საუბარი."
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი არ შეჩერდება, რადგანაც მისი მიზანი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გავლენის დაბრუნებაა.
ზელენსკის თქმით, პუტინმა მოახერხა შეეცვალა საქართველოს საგარეო კურსი და ქვეყანა თავის გავლენას დაუქვემდებარა - უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მსგავსი რამის გაკეთებას შეეცდება პუტინი მოლდოვაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.
"ადამიანებმა უნდა იცოდნენ დეტალები, მაგალითად საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ნატოში მიისწრაფოდა, სრულად შეცვალა კურსი რუსეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მათაც გაყინული კონფლიქტი აქვთ აფხაზეთში როგორც ჩვენ დონბასში. ამ ტერიტორიებს ბოევიკები აკონტროლებენ. აფხაზეთი არ ვითარდება, უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი მხარი უბრალოდ მოკვდა, თუ თქვენ გექნებათ იქ ჩასვლის შესაძლებლობა გაიგებთ რაზე ვსაუბრობ. ეს მხარე უბრალოდ მოკვდა იმიტო, რომ პუტინს ასე მოუნდა"- განაცხადა ზელენსკიმ.
არჩევნები
ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - ამის მიზეზი კი ქვეყნიდან გასული 8 მილიონამდე მოქალაქე და სამხედრო სამსახურში ჩართული 1 მილიონამდე უკრაინელი დაასახელა, რომლებიც პროცესში მონაწილეობას უბრალოდ ვერ მიიღებენ, ასევე პროცესში ვერ ჩაერთვებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მილიონობით მოქალაქე.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების ჩატარების იდეა არაპოპულარულია მოსახლეობაშიც, ვინაიდან გასაგებია, რომ არსებულ პირობებში სანდო არჩევნების ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია.
ამასთანავე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ არჩევნები ომის დასრულების წელსვე ჩატარდება.
ამასთანავე მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით და ამაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია, ვინაიდან სრულად ფოკუსირებულია ომზე.
კორუფცია
ზელენსკის განაცხადა, რომ კორუფცია უკრაინაში პრობლემური საკითხია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მაგრამ უკრაინა აქტიურად აგრძელებს ანტი-კორუფციულ რეფორმებს, მათ შორის სასამართლოსა და უწყბებისა დამოუკიდებლობის კუთხით.
"იმის თქმა, რომ ჩვენთან კორუფცია არ არის, ეს ტყუილი იქნება. ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ, ამას რეალურად ვებრძვით, კონკრეტული ციხეში ზის, მაგალითად, კოლომოისკი, რომელიც ევროპას და ამერიკას ჰყავს სანქცირებული, ჩვენ ციხეში გვიზის, ჩვენ აქტიურად ვებრძვით ოლიგარქებს",- განაცხადა ზელენსკიმ.