ლულა ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
ბრაზილიის ყოფილი ლიდერი ლუის იგნასიო ლულა და სილვა პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.
მუშათა პარტიის (PT) რჩეული ლულა ოქტომბერში მოქმედ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს დაუპირისპირდება.
სან პაულოში შეკრებილმა დელეგატებმა 76 წლის ექს-პრეზიდენტის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლულა ბოლსონარუს საშუალოდ 20 პროცენტული პუნქტით უსწრებს.
ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემარცხენე ლულა ამომრჩევლების 47 პროცენტის სიმპათიით სარგებლობს, ულტრა-მემარჯვენე ხედვებით ცნობილ ბოლსონარუს კი ბრაზილიელების 28 პროცენტი უჭერს მხარს.
ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ბრაზილიას 2003-10 წლებში მართავდა, კორუფციაში ბრალდების გამო 580 დღის ციხეში გატარება მოუწია.
შარშან სასამართლომ ლულას, რომელიც კორუფციაში ბრალდების გამო სასჯელს იხდიდა, წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.