ლულა: ზელენსკი ომზე ისეთივე პასუხისმგებელია როგორც პუტინი

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. ლულას აზრით, ომზე ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენადვეა პასუხისმგებელი რამდენადაც ვლადიმირ პუტინი.

"ომზე ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] ისევეა პასუხისმგებელი როგორც პუტინი. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული".- ამ და სხვა თემებზე ლულამ Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ლულას შეხედულებები დიდად არ განსხვავდება მისი მთავარი კონკურენტის პოზიციებისგან - ომის დაწყებიდან ამ დრომდე ბრაზილიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჟაირ ბოლსონარუს მეთაურობით თავს იკავებს რუსეთის აგრესიის დაგმობისგან. 

ამის მიზეზად რუსეთ-ბრაზილიის ეკონომიკურ კავშირებს ასახელებენ - რუსეთის ბრაზილიისთვის საჭირო ქიმიური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია. 

გარდა ამისა ბრაზილია და რუსეთი ე.წ. BRICS-ის წევრი სახელმწიფოები არიან, რომელშიც 5 ყველაზე მსხვილი განვითარებადი ეკონომიკა შედის. ბრაზილიისა და რუსეთის გარდა ამ ჯგუფში შედიან ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი. 

ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოსკოვს ომს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია და ამ დრომდე კონფლიქტში ღიად პრო-რუსულ პოზიციებს იკავებს. 

პუტინის მიმართ სიმპატიებში ლულა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის წლებში გამოტყდა. საშინაო პოლიტიკაში პრო-დემოკრატიული პოზიციების მიუხედავად ლულა და მისი თანაპარტიელები წლებია მხარს უჭერს არადემოკრატიულ და რეპსრესიულ რეჟიმებს კუბაში, ნიკარაგუასა და ვენესუელაში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ლულა მოქმედ პრეზიდენტს დამაჯერებლად უსწრებს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. 

მსგავსი სიახლეები