მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ირანის ყოფილი პრეზიდენტი, 67 წლის მაჰმუდ აჰმადინეჯადი 2 ივნისს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა.
პრეზიდენტობის დროს მას ხშირად აკრიტიკებდნენ ანტისემიტური განცხადებების გამო.
ცოტა ხნის წინ, ექსპრეზიდენტმა მოულოდნელად კრიტიკული კომენტარები გააკეთა ირანის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ, რაც მიანიშნებს, რომ აიათოლების რეჟიმი მას მხარს არ უჭერს.
აჰმადინეჯადი ირანის პრეზიდენტი 2005-13 წლებში, ორი ვადით იყო. 2009 წელს მის მეორე ვადით არჩევას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც სასტიკად ჩაახშეს - დაუღუპა ათობით ადამიანი, ათასობით დააპატიმრეს.
ირანის ექს-პრეზიდენტი ცნობილია ჰოლოკოსტის უარყოფით. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ირანში ჰომოსექსუალები არ არიან.
კონსტიტუციის ე.წ. მცველთა საბჭომ, რომელიც თორმეტი სასულიერო პირისა და იურისტისგან შედგება, 2017 წლის მაისში უარი უთხრა აჰმადინეჯადს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
იმავე წელს ხამენეიმ აჰმადინეჯადი გააფრთხილა, რომ თანამდებობაზე მისი ხელახლა კენჭისყრა ხელს შეუწყობდა "სიტუაციის პოლარიზაციას, რაც საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის."
მან კენჭისყრა 2021 წელსაც სცადა, რაზეც ასევე უარი უთხრეს.
ირანში საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია 30 მაისს დაიწყო. ვადამდელი არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. რეგისტრაციისთვის კანდიდატები პირადად უნდა გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში.
დამტკიცებული კანდიდატების საბოლოო სიას საბჭო 11 ივნისს გამოაქვეყნებს. ამის შემდეგ პოლიტიკოსებს ორი კვირა ექნებათ კამპანიისთვის. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, 5 ივლისს მეორე ტური ჩატარდება.
პრეზიდენტი ირანში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია, ის ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციებს და ხელმძღვანელობს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას. პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა და შეუძლია ამ თანამდებობის ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით დაკავება.