მაკრონი: ავსტრალიის პრემიერმა მომატყუა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა მასთან წყალქვეშა ნავების კონტრაქტის შესახებ იცრუა და დაუმალა, რომ აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
აღნიშნული საფრანგეთის პირველმა პირმა რომში გამართულ „დიდი ოციანის“ სამიტზე განაცხადა.
სექტემბერში ავსტრალიამ საფრანგეთთან დადებული, დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შესყიდვის ხელშეკრულება გააუქმა, რომლის ღირებულება 90 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
სანაცვლოდ, კანბერა ატომურ წყალქვეშა ნავებს აშშ-სგან შეიძენს.
მაკრონის რეპლიკაზე პასუხად ავსტრალიის პრემიერმა განაცხადა, რომ მის მთავრობას საფრანგეთის ხელისუფლება შეცდომაში არ შეუყვანია. ფრანგი პარტნიორები აზვიადებენ, „ეიფელის კოშკის იერსახე ნამდვილად არ დაგვიმახინჯებია“ - დასძინა ვიცე-პრემიერმა ბარნაბი ჯოისმა.
ორი თვის წინ ავსტრალია, აშშ და გაერთიანებული სამეფო პარტნიორობის ახალ ფორმატზე (AUKUS) შეთანხმდენ, რომლის ფარგლებში სამი ანგლო-საქსი მოკავშირე წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონში ჩინეთის ექსპანსიის შეკავებას შეეცდება.