მაკრონი: ჩვენ არასოდეს მოვუწოდებთ უკრაინელებს მათთვის მიუღებელ კომპრომისზე წავიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 1 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას რუსეთთან კომპრომისზე წავიდეს უკრაინული მხარისთვის არახელსაყრელი პირობებით. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.
"ჩვენ არასოდეს მოვუწოდებთ უკრაინელებს კომპრომისისკენ, რომელიც მათთვის მიუღებელია. რადგან ისინი ძალიან მამაცები არიან და იცავენ თავიანთ სიცოცხლეს, საკუთარ ერს და ჩვენს პრინციპებს. თუ ჩვენ გვინდა მდგრადი სამყარო, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უკრაინელების უფლებას, განსაზღვრონ ის მომენტი და პირობები, რომლითაც ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ თავიანთ ტერიტორიასა და მომავალზე", - განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი აპირებს გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა.
მაკრონი ამჟამად ამერიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.