მაკრონი და შოლცი: შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით
გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენი ქვეყნები იყვნენ საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდნენ მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ." - ნათქვამია მათ განცხადებაში.
"ღრმა მწუხარებით ვიღებთ მხედველობაში საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული." - აღნიშნავს ორი ქვეყნის ლიდერი.
ამასთანავე, Le Figaro-სთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს, არჩევის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი მას საქართველოში ჩამოსვლას დაპირდა.
ზურაბიშვილის თქმით, მაკრონმა ეს ვიზიტი, საქართველოში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა განახორციელოს.
ამავე სტატიაში მოყვანილია ზურაბიშვილის ინტერვიუ La Tribune Dimanche-თან, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე დასასწრებად საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში მოიწვია.