მაკრონი: რუსეთი ერთ-ერთი ბოლო კოლონიური იმპერიაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გასული საუკუნეების იმპერიალისტურ ომებს შეადარა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე მაკრონმა თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთის ფედერაციამ "ტერიტორიული ომი" გააჩაღა. ჩანდა, რომ ასეთი ომები "გაქრა ევროპული მიწიდან", დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.

"ეს არის ომი ტერიტორიებისთვის... ეს არის ომი, როგორებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო, მე-19 საუკუნეში", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება აფრიკელ ხალხებსაც აქვთ.

"რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიური იმპერიული ძალა, რომელმაც გადაწყვიტა მეზობელ ქვეყანაში შეჭრა მისი ინტერესების დასაცავად", - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ჰიბრიდული ომი, იარაღად გამოიყენა პროპაგანდა, ენერგია და საკვები.

"მათ გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია, ენერგეტიკა და საკვები არის სამხედრო საშუალება უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტური იმპერიალისტური ომის სამსახურში", - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას სურს "უფრო უხეში სიტყვებით აღწეროს ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში".

 

მსგავსი სიახლეები