მაკრონი: საფრანგეთი რამდენიმე უკრაინულ ბატალიონს გაწვრთნის და ჯავშანმანქანებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს [უკრაინის] ძლიერება ყველა სფეროში. უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და შეაიარაღებს რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი "კონცენტრირდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებაზე."

საფრანგეთი ასევე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირისა და ნატოს ფორმატში უკრაინის სამხედრო დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების საკითხებში.

"საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება - ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამშრომლობით ევროკავშირის, ნატოს, გაეროსა და სხვა ფორმატებში", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

კონტექსტი

2023 წლის 4 იანვარს ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა უკრაინისთვის AMX-10 RC ბორბლიანი ტანკების და ACMAT Bastion-ის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ. მარტში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ უკრაინამ ტანკების ნაწილი უკვე მიიღო.

გარდა ამისა, ბრიტანეთი და საფრანგეთი მარტში უკრაინელი საზღვაო ქვეითების ერთობლივი წვრთნების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები