მაკრონი უკრაინის პარტნიორებს: "არ უნდა ვიყოთ მშიშრები"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 5 მარტს ჩეხეთში ჩავიდა, საიდანაც უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოებს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

”ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით ევროპისთვის იმ წერტილს, სადაც აუცილებელია, რომ არ ვიყოთ მშიშარები”, - თქვა მან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ომი დაბრუნდა ჩვენს მიწაზე." 

პრაღაში ყოფნის დროს, მაკრონი ჩეხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განიხილავს, საუბარია - საბრძოლო მასალების შეძენა ევროპის კონტინეტის გარეთ.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, გასულ თვეს, მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას იდენტიფიცირებული აქვს 800 ათასი ჭურვი, რომლის გაგზავნაც, რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, თუკი ამისთვის საკმარისი თანხები გამოინახება. 

Financial Time-ის ინფორმაციით, ჯამში 1,5 მილიარდ დოლარზე საუბარი. 

გასულ კვირას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩეხი კოლეგის ამ ინიციატივას უერთდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუზუსტებია, განსხვავებით ნიდერლანდების პრემიერისგან, რომელიც 100 მილიონი ევროს გამოყოფის მზაობა საჯაროდ დაადასტურა. 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე, 12-13 მარტს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სენატში დებატები გაიმართება.

დებატებთან ერთად, დეპუტატებს ხმის მიცემა მოუწევთ საფრანგეთსა და უკრაინას შორის, 16 თებერვალს გაფორმებული უსაფრთხოების შეთანხმებაზე. 

კონტექსტი 

27 თებერვალს ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა და რუსეთზე გამარჯვების მისაღწევად უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. 

"დღეს სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხზე კონსენსუსი არ გვაქვს, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ გაიმარჯვოს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში",- მოჰყვას მაკრონის ციტატა AFP. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე გამოაცხადა ახალი კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის - ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა სისტემებზეა საუბარი. 

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება არამხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურადაც. ელისეს სასახლეში კონფერენციის გამხსნელ სიტყვაში მაკრონმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა ომში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. 

"ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ სისასტიკეს რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო თვეებში"- განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომა და მხედველობაში მიიღოს ის სტრატეგიული და სამხედრო საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრამდე 2 კვირით ადრე უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინადადების განხილვის თხოვნით წერილი საფრანგეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. 

უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხის განხილვა დაადასტურეს სხვა ლიდერებმაც, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს. 

მსგავსი სიახლეები