მაკრონი: ვინც მოსკოვს ეხმარება, ის აგრესიის თანამონაწილეა

ჩინეთი არ არის დაინტერესებული რუსეთისთვის იარაღის მიწოდებით. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში, ფრანგებთან შეხვედრაზე განაცხადა

"ჩინეთის ინტერესში არ არის ხანგრძლივი ომი", - თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია "მთავარი როლი" ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: ვინც მოსკოვს ეხმარება, აგრესიის თანამონაწილე ხდება.

"კონფლიქტის დაწყებისთანავე [ევროკავშირის წევრებმა] მიიღეს გადაწყვეტილება, დაეხმარონ მსხვერპლს. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესორს ეხმარება, იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე. ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საკითხში რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გამო", - განაცხადა მაკრონმა.

კონტექსტი

მაკრონმა ჩინეთში ვიზიტი თებერვალში დააანონსა. მან პეკინს მოუწოდა, დასავლეთს აგრესიის შესაჩერებლად "რუსეთზე ზეწოლაში" და "მშვიდობის დამყარებაში" დაეხმაროს.

პეკინში ვიზიტამდე მაკრონს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ორივე ლიდერმა გამოთქვა ერთობლივი მზადყოფნა, ჩინეთი სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ომის დასრულება.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან ჩინეთი ცდილობს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ პირდაპირ არ გმობს მოსკოვის ქმედებებს.

მსგავსი სიახლეები