მაკრონის მრჩეველი: ჩინეთი რუსეთს ომში მხარს უჭერს

საფრანგეთს აქვს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ჩინეთის მიერ რუსეთის  დახმარებაზე უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ემანუელ ბონმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

CNN-ის კორესპონდენტმა ბონს ჰკითხა, აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უგზავნის.

"დიახ, არის მინიშნებები, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც ჩვენ გვინდა, რომ არ გააკეთონ," - უპასუხა ბონმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბარია თუ არა იარაღზე, მრჩეველმა განაცხადა, რომ ცნობილია "სამხედრო შესაძლებლობების ფართომასშტაბიანი მიწოდების" ფაქტები.

მოგვიანებით, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ ბონი გულისხმობდა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს და არალეტალურ სამხედრო დახმარებას, როგორიცაა ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტები.

კითხვაზე, თუ რისი გაკეთება არ სურთ მოკავშირეებს ჩინეთისგან, მრჩეველმა თქვა, რომ ეს არის რუსეთის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური დახმარება.

"ყველაზე მეტად გვჭირდება ჩინეთის შეკავება. მათ უნდა გაიგონ, რომ უკრაინის ომი არის გლობალური მასშტაბის კონფლიქტი და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინას დამარცხება, როგორც პრინციპის, ასევე სხვა მიზეზების გამო. ჩვენთვის უკრაინაში გაცილებით მეტია სასწორზე, ვიდრე მისი სუვერენიტეტი." - აღნიშნა ბონმა.

ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან პეკინისგან გარანტიები მიიღო, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას არ გადასცემს.

ამავე დროს, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ რუსეთს ტექნოლოგიები მიაწოდონ, რომელიც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება.

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის MI6-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩინეთი უშუალოდ არის ჩართული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში.

მსგავსი სიახლეები