მაკრონმა რომის პაპს მოუწოდა პუტინს დაურეკოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რომის პაპ ფრანცისკეს, ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს კირილს და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაურეკოს უკრაინაში "სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას DW 25 ოქტომბერს ავრცელებს.

ფრანცისკესთან შეხვედრაზე მაკრონმა "რელიგიური დიალოგის" მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ როლზე, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია შეასრულოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაში.

ერთი დღით ადრე რომში გამართულ რელიგიათაშორის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში მესამე მხარის ნებისმიერი ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ კიევის თანხმობით და მისი პირობებით. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საშუალებას აძლევს კრემლს უკრაინაში აგრესია გაამართლოს და მათ მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთ ზეწოლას.

Vatican News-ის თანახმად, მაკრონმა პაპს 1796 წელს გამოცემული იმანუელ კანტის წიგნის, "მარადიული მშვიდობის შესახებ", იშვიათი პირველი გამოცემა გადასცა.

მსგავსი სიახლეები