მალიარმა უკრაინის მიერ უროჟაინოეს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს.
"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ფრონტის ხაზებზე არიან გამაგრებული, შეტევა გრძელდება." - წერს ის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
კოვალევის თქმით, უკრაინელი სამხედროები არტილერიით და ცეცხლსასროლი იარაღით მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებს აზიანებენ და კონტრ-ბატარეულ ზომებს იღებენ.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება.
ამასთანავე, რუსებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს მარინკასა და კრასნოგოროვკას რაიონებში. ოკუპანტები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინას და აქტიურად იყენებენ რეზერვებს.
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით.
უროჟაინოეს აღებამდე, უკრაინელმა სამხედროებმა სტარომაიორსკოე გაათავისუფლეს.