გადამწყვეტი ბრძოლების მოლოდინში - რა ხდება ფრონტის ხაზზე
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გასულ კვირას ფრონტი მოძრაობაში მოვიდა. ცნობილია უკრაინის არმიის წინსვლის შესახებ ზაპორიჟიასა და დონეცკის ოლქის საკვანძო მიმართულებებზე. სამხრეთში უკრაინის არმიის მზარდი წნეხის ფონზე, ჩრდილოეთში იერიშს აწარმოებს რუსეთის არმია.
როგორც ჩანს, ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები ახლოვდება და ვითარება სწრაფად იცვლება.
ურაჟაინოე
ჯერჯერობით რთული სათქმელია სრულად აკონტროლებს თუ არა უკრაინის არმია სოფელ ურაჟაიანოეს, სავარაუდოდ დასახლება ამ დროისთვის ე.წ. ნაცრისფერ ზონაში იმყოფება - როდესაც ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებს დასახლებას სრულად. სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს ურაჟაინოეს სამხრეთში.
ურაჟაინოეს დაკავებით უკრაინელი მებრძოლები უახლოვდებიან სოფელ სტარომლინოვკას, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი პუნქტია. სტარომლინოვკა ურაჟაინოედან 5-7 კილომეტრით არის დაშორებული. შესაბამისად ურაჟაინოე სტარომლინოვკის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ბოლო ბარიერს წარმოადგენდა.
სწორედ მაღალი ტაქტიკური მნიშვნელობით იხსნება რუსეთის არმიის მწვავე წინააღმდეგობა ურაჟაინოეში - ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტების დაჯგუფება სამი მხრიდან ЗСУ-ს ალყაში აღმოჩნდა და ამის მიუხედავად ბრძოლები დასახლებაში ამ დრომდე გრძელდება.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელთა სტრატეგიულ მიზანს აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე, ქალაქ ბერდიანსკის გათავისუფლება წარმოადგენს. უშუალოდ სტარომლინოვკიდან ბერდიანსკამდე მანძილი 145 კილომეტრია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ თავდაცვის ძირითადი ხაზების დაძლევის შემდეგ უკრაინის არმიის წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ეს განპირორებულია იმით, რომ რუსეთი ვერ მოასწრებს ამ ხაზზე ახალი თავდაცვითი ზღუდეებისა და დანაღმული ველების ორგანიზებას.
რობოტინე
მეორე მიმართულება, რომელზეც ЗСУ-ს ბოლო დღეებში გარკვეული წარმატებები აქვს, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქ ორეხოვიდან ტოკმაკისა და მელიტოპოლის ხაზზე, ასევე აზოვის ზღვის სანაპიროზე გადის. დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით ეს უკრაინის კონტრიერიშის მთავარ მიმართულებაა, რომელზეც ახლად ჩამოყალიბებული და დასავლეთის მიერ გაწვრთნილი/შეიარაღებული ბრიგადები მოქმედებენ.
ფრონტის ამ მონაკვეთზე ЗСУ-ს სტრატეგიული მიზანი ქალაქი მელიტიპოლია. უკრაინული პოზიციებიდან მელიტიპოლის საზღვაო ზოლამდე მანძილი დაახლოებით 90 კილომეტრია. უკრაინის კონტრიერიში აღნიშნულ რაიონში ამ დრომდე ნაკლებად წარმატებული და გაცილებით უფრო ნელი იყო.
სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთზე წინ წაიწია, რასაც სამხედრო ექსპერტები ЗСУ-ს ტაქტიკურ მოქნილობას უკავშირებენ. საუბარია სოფელ რობოტინოზე.
იერიშის საწყის ფაზაში ЗСУ რობოტინეს შემოგარენში ოკუპანტების კარგად გამაგრებულ თავდაცვის პუნქტებს შეეჩეხა. რუსეთის არმიამ წარმატებით მოიგერია შეტევის რამდენიმე ტალღა. სწორედ ამ მონაკვეთზე განიცადა უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე დასავლური ჯავშანტექნიკის სახით.
თავდაპირველი წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინულმა დანაყოფებმა უკან დაიხიეს და საქმეში რეზერვები ჩართეს. კერძოდ საუბარია 46-ე და 82-ე ბრიგადებზე. შეცვლილი ტაქტიკის ფარგლებში უკრაინელებმა რობოტინეს აღმოსავლეთიდან გვერდის ავლა გადაწყვეტეს. ამგვარად უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის ხაზებთან გამაგრება რობოტინეს აღმოსავლეთით და ვერბოვაიას დასავლეთით.
ვერიფიცირებული ვიდეოებისა და ფოტოების მიხედვით, უკრაინული დანაყოფები უკვე რობოტინოში იმყოფებიან, ვრცელდება ბრძოლების ამსახველი ვიდეოები სოფლის ცენტრიდან. ამგვარად ამ რაიონში მეორდება სოფელ ურაჟაინოესთან შექმნილი ვითარება - ოკუპანტები მზარდი წნეხის ქვეშ არიან 3 მხრიდან. ЗСУ-ს წინსვლის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთის არმია იძულებული იქნება გავიდეს დასახლებიდან, რათა ალყაში არ აღმოჩნდეს.
რობოტინეს გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინის არმიის მომდევნო სამიზნე ქალაქი ტოკმაკი იქნება, რომელიც მელიტოპოლის მიმართულებით რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამაგრებულ პუნქტს და ლოჯისტიკურ კვანძს წარმოადგენს.
რობოტინედან ტოკმაკამდე მანძილი 15-20 კილომეტრია. რთული სათქმელია როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ რობოტინეს დაკავების შემთხვევაში უკრაინის არმიას გაეხსნება ოპერაციული სივრცე.
დნეპრის მარცხენა ნაპირი
ცვლილებებია ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილშიც, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ მეორე პლაცდარმის დაკავება შეძლეს.
პირველი პლაცდარმი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე ЗCУ-მ ივნისში, ანტონოვის ხიდის მიდამოებში დაიკავა. რუსეთის არმია უკვე 2 თვეა ცდილობს უკრაინელი მებრძოლების განდევნას, მათ შორის საავიაციო ბომბების გამოყენებითაც. მრავალი მცდელობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე ინარჩუნებენ მცირე პლაცდარმს ხიდის მიმდებარე დასახლება, დაჩის მიდამოებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე პლაცდარმის დაკავების შესახებ პირველი ცნობები გასულ კვირას გავრცელდა. საუბარია სოფელ კაზაჩიე ლაგერზე, რომელიც ხერსონსა და ნოვა კახოვკას შორის მდებარეობს.
უკრაინელთა ყოფნას ამ რაიონში ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი Рыбарь - "ბოლო დღეებში ЗСУ-მ რამდენჯერმე გადმოსხა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი დნეპრის მარცხენა ნაპირზე. მოწინააღმდეგე ცდილობს პლაცდარმის გაფართოებას და კაზაჩიე ლაგერისკენ სვლის გაგრძელებას. სოფლის დასავლელით ЗСУ-ს ყოფნა ფაქტია."
პირველი შეტყობინებები კაზაჩიე ლაგერთან უკრაინელი მებრძოლების გამოჩენის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა - მაშინ საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ სალდო აცხადებდა, რომ რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია.
დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღდული ოპერაციის შესახებ იუწყებოდა ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც.
მალევე Z-ბლოგერებს შორის გავრცელდა ცნობები კაზაჩიე ლაგერთან მოქმედი ერთ-ერთი დანაყოფის გაუჩინარების შესახებ, რომლებთან კავშირის დამყარებას ვერ ხერხდებოდა. ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, დანაყოფთან კავშირი მას შემდეგ გაწყდა, რაც ისინი სავარაუდოდ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გასანეიტრალებლად გადაისროლეს.
მალევე აღნიშნული დანაყოფი, ბატალიონის მეთაურთან, მაიორ იური ტომოვთან ერთად უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ტყვეობაში აღმოჩნდა. გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მაიორი ტომოვი რუკაზე ოკუპანტების პოზიციებს აჩვენებს. ასევე გავრცელდა ტომოვის დაკითხვის კადრებიც, რომელზეც ის საკუთარი ბატალიონის დანაკარგებზე და არმიაში არსებულ ატმოსფეროზე საუბრობს.
"ЗСУ-ს სარდლობა მიიჩნევს, რომ ხერსონის ოლქში მათი რეიდები დააფიქრებს რუსებს ხომ არ გეგმავს უკრაინა ამ რაიონში უფრო მასშტაბურ ოპერაციას",- ამბობს Financial Times-თან საუბარში ავსტრალიელი გენერალი, მიკ რაიანი.
სავარაუდოა, რომ უკრაინის არმია დასახლების ნაწილს აკონტროლებს, მაგრამ გენშტაბი პლაცდარმის არსებობას ამ დრომდე არ ადასტურებს. შესაძლოა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ელოდებოდეს მებრძოლების გამაგრებას ადგილზე, რის შემდეგაც მათ მდინარის მეორე ნაპირზე უფრო მოცულობითი ძალების გადასროლა შეეძლებათ, მათ შორის ჯავშანტექნიკისაც.
ბახმუტი
პოზიციური ბრძოლები გრძელდება ბახმუტის შემოგარენში. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის ძირითადი ძალისხმევა კლიშიივკა-ანდრიივკა-კურდუმიოვკის ხაზზეა მიმართული. გასულ კვირებში უკრაინის არმიამ შეძლო ბახმუტის შემოგარენის მნიშვნელოვანი ამაღლებების ნაწილის დაკავება.
სავარაუდოა, რომ უკრაინის არმია ინარჩუნებს პოზიციებს უშუალოდ კლიშიივკასა და ანდრიივკაში. გასულ კვირებში რუსეთმა ამ მონაკვეთზე საჰაერო-სადესანტო ძალების (ВДВ) დამატებითი დანაყოფები გადაისროლა, რის მეშვეობითაც მათ ვითარების შედარებით სტაბილიზაცია მოახდინეს.
უკრაინის არმიის ტაქტიკა ბახმუტთან საკვანძო ამაღლებების და ამის შედეგად უშუალოდ ქალაქზე საცეცხლე კონტროლის დამყარებაში მდგომარეობს. ამაზე ღიად საუბრობს ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მეთაური და აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი გენერალი, ალექსანდრ სირსკი.
გარდა ამისა, ბახმუტზე წნეხის გაზრდით უკრაინის არმია ადგილზე აკავებს ოკუპანტების სერიოზულ რესურსს, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით.
თავად ქალაქს მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში სტრატეგიული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს და მოსალოდნელია, რომ მისი გათავისუფლებაც ფუნდამენტურად ვერ შეცვლის სიტუაციას.
კუპიანსკი
განსხვავებული ვითარებაა კუპიანსკის მიმართულებაზე. ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიის საკმაოდ დიდი შენაერთი რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს იერიშს. აქ რუსეთის იერიშის არეალი დაახლოებით 20 კილომეტრს უტოლდება.
რუსეთის შეტევა აქ დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო და ძირითადი ხაზი სინკოვკა-პეტროპავლოსკზე გადის, რომელიც ქალაქ კუპიანსკიდან დაახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული. გარდა ამისა გრძელდება რუსების იერიში კრემმნაიადან ქალაქ ლიმანის მიმართულებით.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით რუსეთი იერიშს საკმაოდ დიდი ძალებით აწარმოებს, თუმცა მათი წინსვლა დაახლოებით ისეთივე ნელია, როგორც უკრაინის არმიის წინსვლა სამხრეთში. გასული 1 თვის განმავლობაში ოკუპანტებმა ფრონტის ამ მონაკვეთზე წინ წაიწიეს დაახლოებით 5-6 კილომეტრით.
მიუხედავად ამისა, იერიშისგან მომავალ საფრთხეს სერიოზულად ეკიდება უკრაინის არმია. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის მხრიდან ძირითადად ძველი ქვედანაყოფები იბრძვიან, თუმცა ისინი რიცხობრივ უმცირესობაში არიან.
ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც, რომ ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ კუპიანსკის რაიონის 28 დასახლებაში იძულებითი ევაკუაცია გამოაცხადა.
დღეს, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინამ რეზერვები გადაისროლა. ამის შესახებ ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
Carnegie-ის ფონდის უფროსი მეცნიერ-მკვლევარის, მაიკლ კოფმანის შეფასებით, რუსეთის არმიის შეტევითი პოტენციალი მოკრძალებულია და უკრაინული რეზერვების მობილიზების ფონზე ЗСУ-ს არ უნდა გაუჭირდეს ვითარების სტაბილიზება.
მოლოდინები
ამ დროისთვის არსებულ ვითარებას დასავლელი სამხედრო ექსპერტები გამოფიტვის ომად მოიხსენიებენ. ასეთ ვითარებაში გეოგრაფიულ წინსვლაზე უფრო ზუსტად ბრძოლის რეალურ დინამიკას ტექნიკაში დანაკარგები აჩვენებდეს. დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, ჯამურად ყველა ტიპის ტექნიკაში დანაკარგები თანაფარდია, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ოკუპანტების დანაკარგები მზარდია საარტილერიო დანადგარებში.
ამაზე მეტყველებს დასავლელი სამხედრო ექსპერტების დასკვნაც, რომლებიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ფრონტის ხაზზე. ერთ-ერთი მათგანი ფრანც სტეფან გადი წერს, რომ უკრაინამ შეძლო უპირატესობის დამყარება კონვენციურ საარტილერიო ცეცხლის კუთხით. განსხვავებული სურათია რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების თვალსაზრისით.
თავდაპირველი წარუმატებლობის ფონზე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა ბრძოლის დასავლურ კონცეფციაზე, რომელიც საერთო საჯარისო შენაერთების ოპერაციის სახელით არის ცნობილი. აღნიშნული მიდგომა განსხვავებული ტიპის ჯარების მჭიდროდ კოორდინირებულ და მაქსიმალურად სინქრონიზებულ მოქმედებას გულისხმობს.
კონტრიერიშის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ არ შეუძლია ამ ტიპის მასშტაბური ოპერაციების წარმოება. ამის მიზეზად წვრთნის მოკლე ვადები და საჰაერო უპირატესობის არ არსებობა სახელდება. ამგვარად ЗСУ-ს ხელმძღვანელობამ უარი თქვა აღნიშნულ კონცეფციაზე და გამოცდილი მეთოდებით მოქმედება არჩია.
ამ დროისთვის უკრაინის არმია მცირე დანაყოფების ტაქტიკით და ჯავშანტექნიკის შედარებით შეზღუდული გამოყენებით მოქმედებს, ძირითადი აქცენტი საარტილერიო ცეცხლზე კეთდება. უკრაინელი სამხედროები გაცილებით უფრო გამოცდილები არიან ამგვარი ბრძოლის ტაქტიკაში. მიდგომის შეცვლის ფონზე სავარაუდოა, რომ შემცირდა უკრაინის დანაკარგებიც.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ЗСУ-ს ხელმძღვანელობა სწორი კომბინაციის პოვნას, მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვას ცდილობს. ჩანაფიქრის მიხედვით, სწორედ ამ მომენტში უნდა ჩაერთოდ ბრძოლაში რეზერვი - სხვადასხვა მონაცემებით ამ დრომდე უკრაინამ კონტრიერიშზე ახალი ბრიგადების მხოლოდ ნახევარი ჩართო.
კონტრიერიშის ამ ეტაპზე შესაძლოა უფრო წინსვლის გაზომვაზე მეტად მნიშვნელოვანი იყოს წინსვლის გეოგრაფია და გარემოებები - თუ რა დანაკარგები განიცადა მოწინააღმდეგემ.
რთული სათქმელია რამდენად ღრმა იქნება იქნება უკრაინის წინსვლა და შეძლებს თუ არა ЗСУ-ს სტრატეგიული მიზნის მიღწევას და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლას. ამ მომენტისთვის ნათელია, რომ უკრაინის არმიის კონტრიერიში გაიწელება და შემოდგომაზეც გაგრძელდება.
თავის მხრივ შემოდგომაზე გასამართი ბრძოლების ბედი და გეოგრაფია მომდევნო კვირებში გადაწყდება.