გასულ კვირებში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის ზრდა შეწყდა

გასული 2 კვირის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპის ზრდა შეწყდა - ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის იმით, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო არმია 2 მსხვილი ქალაქის ალყაში მოქცევაზეა კონცენტრირებული.
State Of Play: ამის შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბთან დაახლოებული OSINT პროექტის, Deep State-ის მონაცემთა ანალიზი მეტყველებს.
- გასულ კვირას რუსეთის არმიამ უკრაინაში 96 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც დაახლოებით იმდენივია, რამდენიც წინამორბედ კვირას და მკვეთრად ჩამოუვარდება ივლისიის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებლებს.
- წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპი საოკუპაციო არმიამ კვლავ ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით აქვს, აქ რუსეთმა 41 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, კიდევ 27 კვადრატული კილომეტრი გადავიდა რუსეთის არმიის კონტროლქვეშ ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღავრზე.
- რუსეთის არმია კვლავ აქტიურად უტევს ხარკივის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით, სადაც მათ გასულ კვირას 18 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.
- მთლიანად ივლისის განმავლობაში რუსეთის არმიამ ჯამურად 502 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ივნისში (541 კვ/კმ)
- ამასთანავე ანალიზი მეტყველებს, რომ ივლისის პირველი კვირის შემდეგ წინსვლის ტემპის შემცირებაზე მიუთითებს.
Big Picture: დაკავებული ფართობის შემცირება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული - საოკუპაციო არმია ბოლო კვირების განმავლობაში კონცენტრირებულია 2 მსხვილი ქალაქის, პოკროვსკისა და კუპიანსკის ალყაში მოქცევაზე, ეს კი ძირითადად ფლანგის გარღვევის ოპერაციებს გულისხმობს, რა დროსაც დაკავებული ფართობის მოცულობა არ არის მაღალი.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებით ალყის ოპერაციის წარმატებისა და უკრაინის არმიის ლოჯისტიკის დაზიანების შემთხვევაში დაკავებული ფართობის ტერიტორია დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გაიზრდება.
Сontext: მიუხედავად ამისა, უკრაინული წყაროების შეფასებით პოკროვსკის ირგვლივ უკრაინული არმიის მდგომარეობა ეტაპობრივად უარესდება და კრიტიკულ უახლოვდება.
- ამის შესახებ მეტყველებს ქალაქის ფარგლებში მოქმედი რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გამოჩენა და მომარაგების ერთ-ერთ მთავარ არტერიასთან, დობროპოლიესთან დამაკავშირებელ მაგისტრალთან მიმდინარე ბრძოლები.
- მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემების ფონზე ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერჰიი დობრიაკმა განაცხადა, რომ ქალაქში სასურსათო მაღაზიები უახლოეს დღეებში დაიხურება.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, პოკროვსკის ირგვლივ რუსეთს 110 ათასიანი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული.
- გასული წლის დასაწყისიდან მოყოლებული რუსეთმა უკრაინაში 5000 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც მცირედით აღემატება უკრაინის ტერიტორიის 1%-ს.
Go Deeper: The Economist: მიმდინარე კამპანიაში რუსეთის დანაკარგები რეკორდულად მაღალია