სირსკი: ბახმუტის დასაბრუნებლად ყველა პირობა არსებობს
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ბახმუტში საოკუპაციო ძალები ნახევარალყის მდგომარეობაში იმყოფებიან და უკრაინელები ისარგებლებენ ამ მომენტით.
ამის შესახებ ალექსანდრ სირსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
სირსკი ამბობს, რომ უკრაინული დანაყოფები ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესების მიზნით შეტევებს აწარმოებენ - მიზანი ოკუპანტების გარნიზონის ფლანგებიდან ჩაჭრაა.
"რუსეთის ჯარების მდგომარეობა ბახმუტში შეგვიძლია ისრის წვერს შევადაროთ, ისინი ნახევარალყაში იმყოფებიან. ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ამ მდგომარეობით არ ვისარგებლოთ",- ამბობს გენერალი.
სირსკიმ ინტერვიუში ბახმუტის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა - უკრაინელი გენერლის თქმით, ქალაქში თავს იყრის რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგისტრალი, რომელზეც სრული კონტროლი რუსებს შეტევისთვის რამდენიმე ოპერაციულ სივრცეს გაუხსნიდა.
"ბახმუტიდან 3 კილომეტრში სხვა ქალაქია, ჩასოვ იარი. და აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტრის შეჩერება, რომელიც იქით მხარეს დაბლობშია და ჩვენ სიმაღლეებს ვაკონტროლებთ",- ამბობს სირსკი.