მარჩენკო: აგვისტოში უკრაინამ დასავლეთისგან რეკორდული ფინანსური დახმარება მიიღო
აგვისტოში უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან 4.6 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ომის დაწყების შემდეგ ფინანსური დახმარების რეკორდია. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ ეროვნული ტელეთელონის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თანხების ეს რაოდენობა მთავრობას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს ყველა საჭირო ხარჯი, მათ შორის სოციალური შეღავათები.
მარჩენკომ აღნიშნა, რომ სექტემბერში ფინანსთა სამინისტრო აშშ-დან 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საგრანტო მხარდაჭერის მორიგ ტრანშს ელოდება, ასევე სექტემბერში - ოქტომბრის დასაწყისში, მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში უკრაინა ევროკავშირიდანაც მიიღებს თანხებს.
მანც განაცხადა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი კიევს შემოდგომის დასაწყისში ეწვევა. მარჩენკოს თქმით, ის არის დონორთა იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც უკრაინისთვის უფრო გრანტზე და არა კრედიტზე დაფუძნებული მხარდაჭერის მომხრეა და გერმანიის მიერ 1 მილიარდი ევროს გამოყოფა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის რეალური დახმარება.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესხები გაცემულია შეღავათიანი პირობებით: დაბალი პროცენტით და გრძელვადიანია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას ახლა ჰქონდეს საბრუნავი კაპიტალი.
15 აგვისტოს, "РБК-Украина"-სთან ინტერვიუში მარჩენკომ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინა გეგმავს 26 მილიარდი დოლარის მიღებას, შესაძლოა ეს თანხა 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.