მარჩენკო: რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინამ პარტნიორებისგან $18 მილიარდი მიიღო
რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინამ დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი მიიღო საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამის შესახებ 12 სექტემბერს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ საერთაშორისო სავალუტო კონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო აქტიური მუშაობა ომის შედეგების დასაძლევად საერთაშორისო სახსრების მოსაზიდად. 24 თებერვლიდან მოზიდული შეღავათიანი დაფინანსების ჯამური ოდენობა თითქმის 18 მილიარდი დოლარია," - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მთავარ დონორებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დაფინანსების საჭიროება მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას, არამედ ათასობით განთავისუფლებული ქალაქისა და სოფლის რეკონსტრუქციის, დანგრეული გზების, ხიდების, სკოლების, საინჟინრო ქსელების აღდგენას.
გარდა ამისა, როგორც მარჩენკომ თქვა, მომდევნო 18-36 თვეში უკრაინას სჭირდება დაახლოებით 105 მილიარდი დოლარი მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად, კრიტიკული ტრანსპორტის შესაკეთებლად, მომავალი ხვნა-თესვის სეზონის მხარდაჭერისთვის, სოციალური საჭიროებების და განაღმვისთვის.