"მარჯვენა ხელი და თვითონ ვაგნერი" - ვინ იმყოფებოდა პრიგოჟინის თვითმფრინავში
რუსეთის ავიაციის სააგენტომ ევგენი პრიგოჟინის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ადამიანების სია გამოაქყვეყნა - ოფიციალური მონაცემებით დაღუპულებს შორის არიან ვაგნერის უცვლელი მეთაური, დმიტრი (ვაგნერ) უტკინი და პრიგოჟინის "მარჯვენა ხელის" სტატუსით ცნობილი, ვალერი ჩეკალოვი.
Росавиация-ის მიერ გამოქვეყნებული სიისა და სოციალურ ქსელებში გაჟონილი ვაგნერის სიების დადარების მეშვეობით ცენტრმა Досье-მ დაღუპულთა ვინაობაზე პუბლიკაცია მოამზადა.
ვალერი ჩეკალოვი - პრიგოჟინის კუთვნილი ყველაზე მსხვილი აქტივის კომპანია Конкорд-ის გენერალური და მასთან ყველაზე დაახლოებული მენეჯერი. წყაროების ცნობით, ჩეკალოვი პრიგოჟინზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან, იმ დროიდან მუშაობდა, როდესაც პრიგოჟინმა მოსკოვში სასკოლო კვების ბიზნესის აგრესიული ათვისება დაიწყო.
მოგვიანებით სწორედ ჩეკალოვი მეთვალყურეობდა პრიგოჟინის კომპანიის კონტრაქტებს შეიარაღებული ძალების კვებასთან დაკავშირებით. ჩეკალოვი კურირებდა პრიგოჟინის ყველა "სამოქალაქო" პროექტსაც საზღვარგარეთ. სწორედ ჩეკალოვი უზრუნველყოფდა ვაგნერის ლოჯისტიკასაც, მასზე იყო კომპანია Евро Полис-ის მშობელი კომპანიაც - სწორედ ამ კომპანიაზე ფორმდგებოდა ჯგუფის ყველა ხელმშეკრულება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში.
დმიტრი (ვაგნერ) უტკინი - ვაგნერის თანადამფუძნებელი, უცვლელი მეთაური, ჯგუფის სახელმდებელი და პრიგოჟინის მარჯვენა ხელი. ცნობილია, რომ 1990-იან წლებში უტკინი რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (ГРУ-ს) სპეციალური დანიშნულების რაზმის კაპიტანი იყო. სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის მიღებული აქვს რუსეთის გმირის წოდება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ სწორედ უტკინი მეთაურობდა მოსკოვისკენ მიმავალ ჯავშანტექნიკის კოლონას 24 ივნისის შეიარაღებული ამბოხის დროს.
ევგენი მაკარიანი - მეტსახელი "მაკარ" პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ყოფილი გამომძიებელი. სამბოს პროფესიული მებრძოლი, ვაგნერში გაწევრიანდა 2016 წელს.
მაკარიანი 2017 წელს სირიაში იმყოფებოდა, ის მეოთხე საშტურმო დანაყოფის რიგებში ირიცხებოდა, რომელიც დეირ ეზ-ზორის ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე აშშ-ს არმიის დაბომბვის ქვეშ მოჰყვა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მაკარიანი ფეხში დაიჭრა.
სერგეი პროპუსტინი - მეტსახელი "კედარი". სერჟანტი, მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, ვაგნერში გაწევრიანდა 2015 წლის მარტში. მსახურობდა კირილ ტიხონოვიჩის ასეულში, რომელიც ვაგნერის ერთ-ერთ ყველაზე ელიტალურ დანაყოფად მიიჩნეოდა. 2016 წლამდე დანაყოფი ცნობილი იყო 2-ე საშტურმო-სადაზვერვო რაზმის სახელით. სწორედ ამ დანაყოფიდან აყავდა პირადი მცველები ევგენი პრიგოჟინს.
ალექსანდრ ტოტმინი - მეტსახელი "ტოტი", ჟეტონის ნომერი - М-5534
ნიკოლაი მატუსეევი - ზუსტად ამ სახელით და გვარით ჟურნალისტებმა ვაგნერის ბაზებში ადამიანი ვერ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მაღალი ალბათობით საუბარია, ვინმე ნიკოლაი მატუსევიჩზე, რომელიც ვაგნერში 2017 წელს გაწევრიანდა. მატუსევიჩი მსახურობდა მეოთხე საშტურმო ასეულის მსროლელად სირიაში.
გარდა ამისა, პრიგოჟინის ბორტზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევინი (ბორტის მეთაური), რუსტამ კარიმოვი (პილოტი), კრისტინა რასპაპოვა (ბორტგამცილებელი).
უფრო მეტი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.