მასკი: ტრამპის ტვიტერის ანგარიშზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელმაც სოციალური ქსელი Twitter ოქტომბერში შეიძინა, განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, განბლოკოს თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში.

ამის შესახებ მასკმა 18 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა.

"[კომიკოსი] კეტი გრიფინის, [ფსიქოლოგი] ჯორდენ პიტერსონის და [სატირული საიტი] Babylon Bee-ს ანგარიშები აღდგა. ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - დაწერა მან.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ "Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის თავისუფლება და არა წვდომის თავისუფლება".

"თქვენ ვერ იპოვით ტვიტს, თუ კონკრეტულად არ მოძებნით მას, რაც არაფრით განსხვავდება დანარჩენი ინტერნეტსივრცისგან" - განმარტა სოციალური მედიის მფლობელმა.

კონტექსტი

2021 წლის 9 იანვარს Twitter-მა სამუდამოდ დაბლოკა ტრამპის ანგარიში, რომელსაც 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა 6 იანვარს თეთრი სახლის წინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის არასოდეს აღიარებდა არჩევნებში დამარცხებას და მათ კონგრესის შენობაზე შტურმისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დაპირისპირების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები