მასკმა პირობა დადო, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს არ დააფინანსებს

ამერიკელი მილიარდერი, Tesla-ს, Space X-ის და X-ის მფლობელი ილონ მასკი პირობას დებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანიას არ დააფინანსებს.

დონალდ ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას მასკმა დაწერა: "ძალიან მკაფიო რომ ვიყო, მე არ ვაძლევ ფულს პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს."

Bloomberg განმარტავს, რომ მასკის განცხადება არ გამორიცხავს შემოწირულობებს პოლიტიკური კომიტეტებისთვის (ორგანიზაციები სპეციალური სტატუსით, რომლებიც აგროვებენ თანხებს პოლიტიკური კამპანიებისთვის) ან სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის.

თუმცა, განცხადება მაინც დარტყმად აღიქმება ტრამპისთვის, რომელიც მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფება სასამართლო პროცესების სერიის გამო. ის გასულ კვირას მასკს და რამდენიმე მდიდარ რესპუბლიკელ დონორს შეხვდა დამატებითი სახსრების მოსაძიებლად.

ტრამპის უკანასკნელი კონკურენტი რესპუბლიკურ პარტიაში, ნიკი ჰეილი, საპრეზიდენტო რბოლას ოთხშაბათს გამოეთიშა.

ჰეილიმ "სუპერსამშაბათს" პრაიმერიზში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს საპრეზიდენტო კამპანიას. მას პირდაპირ არ მოუწოდებია თავისი მომხრეებისთვის, რომ ტრამპს მისცენ ხმა. მან ტრამპს ზომიერი რესპუბლიკელებისა და არაპარტიული ამომრჩევლების მხარდაჭერა უსურვა, რომლებიც მისთვის ხმის მისაცემად იქნებოდნენ მზად.

5 მარტს 15 შტატში ჩატარებულ პრაიმერიდან 12-ში დიდი უპირატესობით დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ჰეილიმ მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები