მედია: შოლცს გერმანიის უმსხვილესი პორტის წილის ჩინელებისთვის მიყიდვა სურს

ჩრდილო გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NDR) ცნობით, ჩინურ კომპანია კოსკოს ჰამბურგის პორტის წილის შეძენა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას გერმანიის ყველა შესაბამისი სამინისტრო ეწინააღმდეგება, კანცლერის აპარატი გაყიდვის მომხრეა.

ჰამბურგის პორტი გერმანიაში ყველაზე მსხვილია, ევროპის მასშტაბით კი მხოლოდ როტერდამისას და ანტვერპენისას ჩამოუვარდება.

კოსკოს სურს, ჰამბურგის პორტის ოპერატორის, HHLA-ს წილები შეიძინოს და აგრეთვე, ჰამბურგის კონტეინერების ტერმინალის მესამედზე იყიდოს.

გამოცხადებული შანტაჟის ქრონიკა

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გარიგების წინააღმდეგია ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ტრანსპორტის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

წინააღმდეგობის საფუძვლად ისინი ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ: თუ გარიგება შედგება, ჩინელები ჰამბურგის პორტის მმართველი დირექტორობას მიიღებენ და გადაწყვეტილებები მათი თანხმობის გარეშე ვეღარ მიიღება.

გარდა ამისა, გერმანული სამთავრობო უწყებები წუხან, რომ რამდენადაც ჩინელები უკვე არიან პორტის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტები, მათთვის მმართველი ბერკეტების გადაცემა შანტაჟის საფრთხეს შეიცავს. მედიის ცნობით, იმავე აზრზეა ევროკომისიაც.

პარალელურად გერმანული კომპანიები ამ ეჭვს ამყარებენ - როგორც ისინი იუწყებიან, ბოლო ხანებში ჩინეთის საელჩო მათ დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ თუ ჰამბურგის პორტის გარიგებას შეეწინააღმდეგებოდნენ, ჩინეთში პრობლემები შეექმნებოდათ.

დრო იწურება - კანცლერი ყველას წინააღმდეგ

ეკონომიკის სამინისტრომ გარიგების შესახებ ინვესტიციის გადახედვის პროცედურა წამოიწყო და როგორც გერმანული მედია იუწყება, შეთანხმებას ვეტო დაადო.

ამისდა მიუხედავად, კანცლერის აპარატი დღის წესრიგის გადახედვას არ აპირებს. ამის გამო, მინისტრთა კაბინეტი საკითხს არ განიხილავს, რაც ვეტოსთვის აუცილებელია.

NDR-ის და WDR-ის (დასავლეთ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ცნობით, კანცლერის აპარატმა სამინისტროებს დაავალა, კომპრომისი მონახონ და გარიგება დაამტკიცონ.

თანაც, თუ მინისტრთა კაბინეტი დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეთანხმება ავტომატურად ჩაითვლება გაფორმებულად.

ეკონომიკის სამინისტრო და კანცლერის აპარატი საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ნოემბრის დასაწყისში კი ოლაფ შოლცი ჩინეთში გეგმავს ვიზიტს.

მსგავსი სიახლეები