მედია: შვედეთი ნატოში წევრობაზე განაცხადს ივნისის ბოლომდე შეიტანს
შვედეთის პრემიერი მაგდალენა ანდერსონი ნატოში წევრობაზე განაცხადის შეტანას ივნისის ბოლომდე აპირებს, როდესაც ალიანსი მადრიდის სამიტს გამართავს.
ინფორმაციას შვედური გაზეთი Svenska Dagbladet-ი ავრცელებს.
შვედეთის მსგავსად, სამხედრო ალიანსში გაწევრებას აქტიურად განიხილავენ მეზობელ ფინეთშიც.
ნატოში განაცხადის შეტანას უახლოეს დღეებში ფინეთის პარლამენტი განიხილავს.
13 აპრილს შვედეთის და ფინეთის პრემიერ-მინისტრებმა სტოკჰოლმში შეხვედრა გამართეს.
მაგდალენა ანდერსონმა და სანა მარინმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მზარდი რეგიონული საფრთხეები განიხილეს.
სკანდინავიის ორი ქვეყანა ნატოს წევრი არ არის და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შვედეთსა და ფინეთში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.