მედვედევი უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით იმუქრება
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურზე და აღმოსავლეთ ევროპაში ატომურ ობიექტებზე დარტყმით იმუქრება, თუ სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო შეტევა დადასტურდება.
"თუ ნატოს რაკეტებით სმოლენსკის (დესნოგორსკის) ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მცდელობა დადასტურდა, აუცილებელია განვიხილოთ სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, რივნეს ატომურ ელექტროსადგურზე და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის სცენარი, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ატომურ ობიექტებზე. სამარცხვინო არაფერია." - წერს მედვედევი.
პროპაგანდისტულმა ტელეგრამის არხმა Mash-მა კვირა საღამოს გაავრცელა ინფორამცია, რომ უკრაინელებმა სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე და კალუგის სამხედრო აეროდრომზე რაკეტებით თავდასხმა სცადეს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
ამავდროულად, ტელეგრამის არხი ვარაუდობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით მოხდა - სავარაუდოდ, ნამსხვრევები ამაზე მიუთითებს.
მათი ცნობით, ორივე რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.