მელონი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რათა "მემარცხენეები ოპოზიციაში გაუშვას"
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ევროპულ არჩევნებში, როგორც მისი პარტიის, "იტალიის ძმების" ერთადერთი კანდიდატი.
მას იმედი აქვს, რომ მისი ჩართულობა მემარჯვენეებს ევროპარლამენტში უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარება და მემარცხენეებს ოპოზიციაში გაუშვებს.
პესკარაში თავისი პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას, სახელწოდებით "იტალია ცვლის ევროპას," მელონიმ ხაზი გაუსვა კამპანიაში ლიდერობის ვალდებულებას.
"მე ყოველთვის ვთვლიდი თავს ჯარისკაცად და ჯარისკაცები, როცა საჭიროა, არ ერიდებიან თავიანთი ადგილის დაკავებას ფრონტზე," - თქვა მან, როდესაც გამოაცხადა თავისი კანდიდატურა "იტალიის ძმების" სიაში, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს ევროპარლამენტში შესვლას.
მიუხედავად იმისა, რომ მან წარსულში პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა პრემიერ-მინისტრობას ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიისთვის. ის ასევე "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR) პრეზიდენტია და ოპტიმიზმი გამოთქვა ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპაში ცვლილებების შესახებ.
"დროა გავზარდოთ ფსონები. მოდით, ევროპაც შევცვალოთ," - თქვა მან. "დაფიქრდით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ კონსერვატიული ხმები გადამწყვეტი იქნება ახალი ევროპული უმრავლესობის ჩამოყალიბებაში."
"ჩვენ შევძლებთ ევროკავშირში გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ იტალიაში და საბოლოოდ გავაგზავნოთ მემარცხენეები ოპოზიციაში," - აღნიშნა იტალიის პრემიერმა. "ეს რთული, მაგრამ რეალისტური ამოცანაა. უნდა ვეცადოთ, ეს იქნება რევოლუცია. ჩვენ გვინდა, რომ იტალიური მოდელი შემოვიტანოთ ევროპაში."
ელი შლაინი, მემარცხენე "დემოკრატიული პარტიის" (S&D) წევრი მელონის რიტორიკას აკრიტიკებს. ხოლო კარლო კალენდამ, ლიბერალური Azione-ს ლიდერმა განაცხადა, რომ "მისი იდეა ევროპის შესახებ არის ევროპის დასასრული."
"ჩვენ ვიბრძოლებთ ამ 'ორბანის მოსწავლის' მოდელის წინააღმდეგ ევროპულ არჩევნებში. იტალია არის ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყანა და არა პუტინის მეგობრების უნგრეთი," - თქვა კალენდამ.
Youtrend-ის საზოგადოებრვი აზრის კვლევის თანახმად, მელონის პარტია ხმების 27%-ით პირველ ადგილზეა. მას მოსდევს მემარცხენე "დემოკრატიული პარტია" (20%) და "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა" (16%).
მელონის კოალიციური პარტნიორები - სილვიო ბერლუსკონის Forza Italia და მატეო სალვინის Lega Nord დაახლოებით 8%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ.