მერცი €200 მილიარდიანი თავდაცვის ფონდის შექმნას განიხილავს - Bloomberg

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალ-დემოკრატებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა სწრაფად დაამტკიცონ 200 მილიარდი ევროს თავდაცვის სპეციალური ხარჯები.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
მერცის ქრისტიან-დემოკრატებისა და შოლცის სოციალ-დემოკრატების ოფიციალური პირები განიხილავენ გზებს გადალახონ გერმანიის მკაცრი შეზღუდვები სახელმწიფო ვალზე (ე.წ. ვალის მუხრუჭი - რედ.), რათა მოიძიონ დამატებითი რესურსები ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.
ისინი განიხილავენ ახალ პაკეტის კენჭისყრას, რომლითაც გაორმაგდება სამი წლის წინ დამტკიცებული €100 მილიარდიანი პაკეტი და ეს ჯერ კიდევ ძველი მოწვევის ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.
მერცმა პირობა დადო, რომ რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად სამხედრო ხარჯებს გაზრდიდა, მაგრამ მისი გეგმები პრობლემების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებმა მანდატების ერთი მესამედი მიიღეს. ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებს და მწავნეებს კი ბუნდესტაგში ხმების ორ მესამედდზე ნაკლები აქვთ, ამიტომ ვალის აღებაზე საკონსტიტუციო შეზღუდვების შემსუბუქება არ შეუძლიათ.
თუმცა, ახალი მოწვევის პარლამენტი 24 მარტს შეიკრიბება.
არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის სხვა ვარიანტები იქნება არსებული 100 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის გაფართოება ან ეგრეთ წოდებული ვალის მუხრუჭის ადაპტირება, რათა თავდაცვაზე მეტი თანხა დაიხარჯოს. რომელიმე ამ ვარიანტს დეპუტატების ორი მესამედის სუპერ უმრავლესობა დასჭირდება და ეს ბევრად უფრო რთული იქნება შემდეგი მოწვევის ბუნდესტაგში.