მერცის და შოლცის დებატები: კანცლერობის კანდიდატების პოზიციები უკრაინაზე
9 თებერვალს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის და კანცლერობის მთავარი პრეტენდენტის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის დებატები შედგა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მერცის პარტიას 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, შოლცის სოციალ-დემოკრატების კი მხოლოდ - 15%, ამიტომ ეს დებატები შოლცისთვის შესაძლებლობა იყო მისი ხელისუფლების მიღწევებზე ესაუბრა და ოპოზიციიდან მომავალი საფრთხეებისთვის გაესვა ხაზი, ხოლო მერცის მთავარი მიზანი შეცდომების არდაშვება და მისი კამპანიის მთავარი გზავნილების გაჟღერება იყო.
აღანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიან-დემოკრატებმა ულტრამემარჯვენე AfD-ს მხარდაჭერით მიიღეს ანტი-მიგრაციული რეზოლუცია, რასაც მედიასა და საზოგადოებაში მათი მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თუმცა ამას CDU-ს რეიტინგზე არ უმქომედია და ზოგიერთი კვლევით მათ მცირე ზრდაც კი აქვთ.
ამ ფონზე, მერცი უფრო თავდაჯერებული ჩანდა, ხშირად იღიმებოდა და ერთ მომენტში შოლცს ეს ფრაზა უთხრა: "ბატონო შოლც, თქვენ სხვა სამყაროში ცხოვრობთ!"
რუსეთის ომი უკრაინაში
კანცლერობის კანდიდატებმა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დებატების ბოლოს, მესამე ნაწილში განიხილეს. მერცმა და შოლცმა გაიმეორეს თავიანთი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.
კითხვაზე, დამყარდება თუ არა "მშვიდობა უკრაინაში უფრო სწრაფად" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შოლცმა უპასუხა: "ვნახოთ." მან ისაუბრა უკრაინაში "ასობით ათასი ადამიანის დაღუპვაზე რუსეთის მიერ მოტანილი ნგრევის გამო."
შოლცმა თქვა: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ ომში პუტინის იმპერიული ოცნების გამო."
როგორც დებატებმა აჩვენა, შოლცი და მერცი აშკარად ელიან ტრამპის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ და არ ჩქარობენ თავიანთი წინადადებების წარდგენას. ორივე ელოდება ვაშინგტონის ოფიციალური პირების განცხადებებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 14-16 თებერვალს ჩატარდება.
"მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ - მკაფიოდ უთხრას რუსეთს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი არ წავა დათმობებზე," - თქვა შოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინისთვის იარაღის მეორე ყველაზე დიდ მიმწოდებლად რჩება.
მერცი არ დაეთანხმა შოლცს, რომელმაც ის გააკრიტიკა უკრაინისთვის TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე მისი პოზიციის ევოლუციის გამო.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის მხარს უჭერდა ევროპაში პარტნიორებთან რაკეტების მიწოდების კოორდინაციას. ასეთი რაკეტები უკრაინას უკვე გადასცეს ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და მერციც მსგავსი ნაბიჯის გადადგამს აპირებს.
შოლცი კი კვლავ ეწინააღმდეგება TAURUS-ის უკრაინისთვის გადაცემას. ამის შესახებ მისი პარტიის საარჩევნო პროგრამაშიც არსებობს ჩანაწერ.
წამყვანების კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას ომის შემდეგ რუსეთის ახალი თავდასხმისგან თავის დაცვაში, მკაფიო პასუხი არ გაცემულია. მერცის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო რაც შეეხება ნატოს, ეს საკითხი არ განიხილება, სანამ ომი მიმდინარეობს. ორივე პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინის ბედი უკრაინელების გარეშე არ უნდა გადაწყდეს.
რუსეთთან გერმანიის მომავალ ურთიერთობებზე თითქმის არაფერი თქმულა. მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი რომც დასრულდეს, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ნატოს მიმართ "აგრესიულად" მოქცევას.
ზოგადად, დებატები ძალიან გერმანული გამოდგა - ზედმეტი ემოციების გარეშე, კონსტრუქციული და არგუმენტებზე დაფუნძებული.
ეს საარჩევნო კამპანიის პირველი დებატები იყო, შემდეგი დებატი 13 თებერვალს ჩატარდება უფრო გაფართოებულ ფორმატში, სადაც იქნებიან AfD-სა და მწვანეების კანცლერობის კანდიდატები ალის ვაიდელი და რობერტ ჰაბეკი.