МИД: უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების კოლონები კანონიერი სამიზნე იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა.
რიაბკოვის თქმით, რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შედეგების შესახებ. "უცხოური შეიარაღების კოლონები, რომლებიც დაუფიქრებლად მიეწოდება უკრაინას, ჩვენი კანონიერი სამიზნე იქნება",- განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვმა რუსეთის მიერ დასაწესებელ საპასუხო სანქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიები ამ დრომდე ზუსტდება და მალე გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, ლავროვის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს სტრატეგიული დიალოგი აშშ-სთან რუსეთის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
ამავდროულად, რიაბკოვს არ დაუზუსტებია იქნება თუ არა რუსეთის წინადადებები იგივე - "ამის თქმა რთულია, ფაქტია ვითარება რადიკალურად შეცვლილია".