მილი: რუსების დანაკარგები უკვე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე 100 ათასი
აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის შტაბის მეთაურის თქმით, ბოლო თვეებში რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან ომში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე 100 ათასი.
ამის შესახებ მარკ მილიმ რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ბოლოს, როდესაც საჯაროდ ვისაუბრე ამ თემაზე, ვთქვი, რომ რუსეთის დანაკარგები 100 ათასს აღემატებოდა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დანაკარგები გაცილებით აღემატება 100 ათასს. რუსებს ცოცხალ ძალაში კოლოსალური დანაკარგები აქვთ. საუბარია როგორც რეგულარ არმიაზე, ასევე ვაგნერის დაქირავებულებზეც",- განაცხადა მილიმ.
უნდა დავაზუსტოთ, რომ მილის მიერ მოყვანილი რიცხვი გულისხმობს მოკლულების, დაჭრილების და გარკვეულ შემთხვევებში დეზერტირების ჯამურ რაოდენობას.
მილი შეეხო რუსეთის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციასაც, მისი თქმით კრემლმა 200-დან 250 ათასამდე ჯარისკაცის მობილიზება შეძლო.
უკრაინის დანაკარგებზე საუბრისას მილიმ აღნიშნა, რომ დანაკარგები ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდია, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
კონტექსტი
ბოლოს აღნიშნულ თემაზე მილიმ ნოემბერში ისაუბრა - მაშინ გენერალმა განაცხადა, უკრაინის და რუსეთის დანაკარგები მსგავსია და თითოეულ მხარემ 100 ათასი მებრძოლი დაკარგა.