მოდი: უკრაინის ომში ჩვენ ნეიტრალურები არ ვართ, ინდოეთი მშვიდობის მხარესაა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ინდოეთი არ არის ნეიტრალური უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და მისი ქვეყანა ყოველთვის მშვიდობის მხარესაა. 

ამის შესახებ ნარენდრა მოდიმ Wall Steet Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. 21 ივნისს, ინდოეთის პრემიერი პირველად ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტაბებს სახელმწიფო ვიზიტით.

"ვფიქრობ, რომ ინდოეთის პოზიციები ცნობილი და გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის - თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ინდოეთის უმთავრესი პრიორიტეტი მშვიდობაა. ზოგი გვეუბნება, რომ თქვენ ნეიტრალურები ხართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნეიტრალურები, ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს",- განაცხადა ნარენდრა მოდიმ. 

ინდოეთის პრემიერის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის რამდენიმეჯერ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინელ პრეზიდენტთან პირადად საუბრის საშუალება მოდის იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტზე ჰქონდა. 

"მიმდინარე ეპოქა არ არის ომების ეპოქა",- კიდევ ერთხელ გაიმეორა რამდენიმე თვის წინანდელი მანტრა ინდოეთის პრემიერმა. 

ამასთანავე ნარენდრა მოდიმ ინტერვიუში ხაზი გაუსვა აშშ-ს და ინდოეთის "უპრეცედენტოდ" ახლო ურთიერთობებს. მისი თქმით, არასდროს ისტორიაში  ნიუ დელისა და ვაშინგტონს შორის არ ყოფილა ურთიერთნდობა უფრო მაღალი. 

მსგავსი სიახლეები