State Of Play: "მან (ტრამპმა) ცხადყო, რომ მიუღებელია ინდოეთმა გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება რუსეთისგან ნავთობის შეძენით," – განუცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანაშემწემ, სტივენ მილერმა Fox News-ს.
- სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს კრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიმართ.
- "ბევრს შოკში აგდებს ის ფაქტი, რომ ინდოეთი პრაქტიკულად გაუთანაბრდა ჩინეთს რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობით. ეს გასაოცარია," – დაამატა მილერმა.
- როგორც Reuters წერს, ინდოეთი აშშ-ის მუქარის მიუხედავად, მოსკოვისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს.
Big Picture: 14 ივლისს, თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრჯს დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ 100%-იან მეორად ტარიფებს დააწესებს, თუ უახლოეს 50 დღეში (2 სექტემბრამდე) უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება ვერ მიიღწევა.
- 29 ივლისს მან ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა, მომდევნო დღეს კი ინდოეთის წინააღმდეგ 25%-იანი ტარიფები დააწესა, მათ შორის რუსეთთან ვაჭრობის გამო.
- "ინდოეთი ყოველთვის რუსეთისგან ყიდულობდა სამხედრო ტექნიკის აბსოლუტურ უმრავლესობას და ჩინეთთან ერთად რუსეთიდან ენერგომატარებლების უმსხვილესი მყიდველია, მაშინ, როცა ყველას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინაში," – განმარტა ტრამპმა.
- პირველი ცნობების შემდეგ, რომ ინდოეთის ოთხმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა ნავთობის რუსეთისგან ყიდვა, სხვადასხვა წყაროდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას მუქარის მიუხედავად გააგრძელებს.