მოლდოვა: ლავროვს არ აქვს დემოკრატიაზე ლექციის წაკითხვის უფლება
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა. ლავროვმა კომენტარი გააკეთა დნესტრისპირეთის სეპარატისტი დეპუტატების რუსეთისადმი დახმარებისთვის მიმართვაზე.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას NewsMaker ციტირებს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, "ლავროვს და კრემლის რეჟიმს არ აქვთ მორალური უფლება, წაიკითხონ ლექციები დემოკრატიასა და თავისუფლებაზე."
"ქვეყანას, რომელიც აპატიმრებს და კლავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უსაფუძვლოდ ესხმის თავს მეზობლებს, არაფერი აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, გარდა სისხლისა და ტკივილისა," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთი სარგებლობს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის უპირატესობებით. სეპარატისტული რეგიონი თავისი საქონლის 70%-ზე მეტის ექსორტს ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებს.
"მოლდოვა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც თავისუფლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტური ღირებულებებია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ მომავალს, რათა ყველა ჩვენმა მოქალაქემ, განურჩევლად ენისა და ეროვნებისა, იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ერთი დღით ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვა ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს "5+2" ფორმატში.
რუსი მინისტრი მოლდოვას ასევე ადანაშაულებს "ყველაფერი რუსულის ბლოკირებაში, რუსული ენის დისკრიმინაციაში," ასევე "სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლაში დნესტრისპირეთზე."
28 თებერვალს, არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. "დეპუტატები" შეიკრიბნენ კონგრესზე და მიიღეს მიმართვა რუსეთისადმი "მოლდოვის ზეწოლისგან დაცვის" მოთხოვნით.