მოლდოვა რუსეთს ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს
რუსეთმა 15 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა მოლდოვის 130 ათასი მოქალაქის ანგარიშებზე პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის "მაფიის" ქსელის მეშვეობით, რათა მომავალ რეფერენდუმზე ხმა მისცენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ.
ამის შესახებ 3 ოქტომბერს, Politico მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსზე, ვიორელ სერნაუტიანაზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, "მოლდოვის ამომრჩევლების უპრეცედენტო მოსყიდის წინაშე დგას, ჰიბრიდულ ომთან და დეზინფორმაციასთან ერთად."
სერნაუტიანამ აღნიშნა, რომ მხოლოდ სექტემბერში ქვეყნის მოქალაქეებს 15 მილიონი დოლარი ჩაერიცხათ.
ილან შორს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა საბანკო თაღლითობისთვის.
გამოცემა Молдова: Актуально-მ სქემის დეტალები გამოაქვეყნა, რომელშიც ილან შორი მონაწილეობდა.
გადარიცხვები განხორციელდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის Евразия-სა და Промсвязьбанк-ის მეშვეობით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. ტერიტორიულმა კოორდინატორებმა, რომლებმაც მიიღეს თანხა, ის თავის მხარდამჭერებს დაურიგეს, რათა "დესტაბილიზაცია" მოეწყოთ.
თავის მხრივ, ილან შორმა მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია დასავლური ინსტიტუტებიდან თანხების მიღებაში "დაადანაშაულა."
"გადადით მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე და იქ არის ბრიტანეთის საელჩო, ევროპული და ამერიკული ფონდები, მათ შორის ცნობილი USAID - პროამერიკული იდეების პრომოუტერი, რომელმაც თავისი საცეცები მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ფორმალურად. ესენი არიან საიტის სპონსორები, ვინც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ მოლდოვა გახდეს დასავლეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა და პროვინცია." - თქვა მან.
მანამდე მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ТАСС-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ "დასავლური ინსტიტუტების მიერ საარჩევნო პროცესში აშკარა ჩარევის კონტექსტში, გულუბრყვილო იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის რეფერენდუმის ობიექტურობის იმედის ქონა."
მან აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიციამ არჩევნები და რეფერენდუმი დიდი უპირატესობით უნდა მოიგოს.
მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 2024 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდება.