მოლდოვამ განმარტა, რატომ დაიკეტა საჰაერო სივრცე 14 თებერვალს
მოლდოვამ საჰაერო სივრცე რამდენიმე საათით, ამოუცნობი საფრენი ობიექტის გამოჩენის გამო დახურა. ამის შესახებ მოლდოვის მთავრობის ოფიციალური არხი Telegram-ზე წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, ქალაქ სოროკას მახლობლად ობიექტის აღმოჩენის შესახებ.
"მეტეოლოროგიული პირობებისა და ობიექტის იდენტიფიცირებისა და მისი ფრენის გზაზე თვალის დევნების შეუძლებლობის გათვალისწინებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო სივრცის მართვის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დროებით დაკეტვის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის გადამოწმებისა და საფრთხის არ არსებობის დადასტურების შემდეგ, საჰაერო სივრცე გაიხსნა. მოლდოვის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ამჟამად ფრენები უსაფრთხოდ მიმდინარეობს.