მოლდოვამ რუსეთის ФСБ-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება შეწყვიტა
მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ორი პარტნიორული ხელშეკრულების - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან და საგარეო დაზვერვის სამსახურთან - შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ამის შესახებ მოლდოვის სპეცსამსახურმა თავის ვებ-გვერდზე განაცხადა.
პარტნიორული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა "აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების გატარების შემდეგ" მიიღო და ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა.
მოლდოვის დაზვერვის სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მათ უკვე შეწყვიტეს ურთიერთობა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან, ამიტომ შეწყვეტილ შეთანხმებებს "პრაქტიკული გამოყენება არ აქვს და ფაქტობრივად არაფუნქციონალურია."
"ამ ხელშეკრულებების დებულებების შეუსაბამობა მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინიცირებული დენონსაციის პროცესის მიზეზი," - ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვის სპეცსამსახური ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა აღნიშნული ხელშეკრულებების დებულებები გამოიყენა "იმისათვის, რომ გაემართლებინა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების ყოფნა რეგიონში მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრის მარცხენა სანაპიროზე."
"ამგვარად, ამ შეთანხმებების დენონსირებით, ასეთი არგუმენტები ვერ ექნება რუსეთის ფედერაციას," - ხაზს უსვამს მოლდოვის მხარე და დასძენს, რომ ისინი არ ინარჩუნებენ ურთიერთობას სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებენ.
მანამდე მოლდოვამ გამოაცხადა გადაწყვეტილება კიშინოვში რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზი გამოძიების გამოქვეყნება იყო, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა რუსეთის საელჩოს სახურავზე დათვალეს 28 ანტენა და სატელიტური თეფშები, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლების თვალთვალისთვის იყენებენ.