მოლდოვა რუსეთის საელჩოდან 45 ადამიანს აძევებს

მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატების, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.

ამ ინფორმაციას Deschide.MD ავრცელებს.

მოლდოვის პრემიერმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე შემცირდა, ტექნიკური პერსონალის რაოდენობა 15-მდე: "ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რის შესახებაც კიშინოვის ხელისუფლებამ დღეს დილით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობა."

ამის შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და ტექნიკური პერსონალის 27 წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

კონტექსტი

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი Jurnal TV-ისა და The Insider-ის გამოძიება იყო, სადაც ნათქვამია, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე დამონტაჟდა ათობით ანტენა და სატელიტური თეფში, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები სათვალთვალოდ იყენებენ.

ამის შემდეგ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარა, რათა რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებზე ახსნა-განმარტება მიეღო.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ინფორმირებული იყვნენ სიტუაციის შესახებ და შემდგომში ისინი "ამ პრობლემის გადაჭრის" გზაზე განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები