მოლდოვაში პრორუსული პარტიის ლიდერს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კიშინოვის სასამართლომ გაქცეულ ბიზნესმენს და პრორუსული ოპოზიციური პარტია "შორის" ლიდერს, ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ Facebook-ზე განაცხადა.
"ილან შორი მილიარდის ქურდობისთვის ციხეში 15 წელიწადს გაატარებს და ქონებას ჩამოართმევენ, ასე გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ", - წერს ის.
განაჩენი კიშინოვის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
"შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულმა უნდა დააბრუნოს 5.2 მილიარდ ლეიზე მეტი (დაახლოებით 288 მილიონი დოლარი)", - ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავად შორმა გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
"დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლება საპროტესტო მოძრაობის გამო ჩემზე შურის ძიებას ცდილობს. იმის გამო, რომ მე და ჩემი გუნდი ვიბრძვით მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის. ეს გადაწყვეტილება სულაც არ მაწუხებს, არ აქვს მნიშვნელობა. მე საერთოდ არ ვაპირებ დამორჩილებას, ეს გადაწყვეტილება გაუქმდება მოქმედი რეჟიმის შეცვლიდან ზუსტად მეორე დღეს", - განაცხადა შორმა.
"საუკუნის ქურდობა" და დასავლეთის მფარველობა
შორი მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გატანის სკანდალში ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელსაც ქვეყანაში "საუკუნის ქურდობა" უწოდეს. სკანდალი 2015 წელს მოხდა და ამან მოლდოვაში ორი მთავრობის შეცვლა და პროევროპული პარტიების მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვია.
დეტექტიური სააგენტო Kroll-ის დასკვნაში, რომელმაც მოლდოვის მთავრობის მოთხოვნით ჩაატარა გამოძიება გაფლანგვის ფაქტზე, ნათქვამია, რომ ფული ამოღებულია Banca de Economii-ს, Banca Sociala-სა და Unibank-ის მეშვეობით, რომლებსაც შორი აკონტროლებდა. ამ საქმეზე ის ნასამართლევი იყო, მაგრამ განაჩენი გაასაჩივრა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო კონტროლს ექვემდებარებოდა, რამაც ხელი არ შეუშალა პარტიის ხელმძღვანელობასა და პარლამენტის წევრად არჩევაში. თუმცა, 2019 წლის ივნისში ხელისუფლების მორიგი ცვლილების შემდეგ, შორი ისრაელში გაიქცა.
შორის პარტიამ, გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აქტიური ურთიერთობა დაიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან, დეპუტატები მოსკოვს ეწვივნენ და ინტერპარტიული კონტაქტები დაამყარეს. ამის შემდეგ პარტიამ მოლდოვაში საპროტესტო აქციები დაიწყო.