მოლდოვიდან გაძევებული Sputnik-ის რედაქტორი რუსეთის არმიის პოლკოვნიკია - The Insider
რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik Молдова-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, რომელიც 13 სექტემბერს მოლდოვიდან გააძევეს, სავარაუდოდ რუსული არმიის ოფიცერია.
ამის შესახებ The Insider-ის გამოძიებაში ვკითხულობთ.
"დენისოვს ძალიან ირიბი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის 72-ე სპეცსამსახურის ცენტრის (სამხედრო განყოფილება 54777) კარიერული ოფიცერი, რომელიც, ГРУ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულია ინფორმაციული ინექციებით და უცხოური აუდიტორიის დეზინფორმაციით." - წერს გამოცემა.
გამოძიების თანახმად, დენისოვი უკრაინის სსრ-ის ზაკარპატიის რეგიონში დაიბადა, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვივის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში (მოგვიანებით მის საფუძველზე შეიქმნა უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემია).
1992 წელს ის მოსკოვში გადავიდა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდური ორგანოს - გაზეთ "კრასნაია ზვეზდას" თანამშრომელი იყო. 2005 წელს მან მიიღო უწყებრივი ბინა თავდაცვის სამინისტროსგან, ხოლო 2013 წლის მონაცემებით, მუშაობდა მოსკოვის რეგიონის მთავარ საგამოძიებო განყოფილებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით The Insider წერს, რომ დენისოვი საგამოძიებო კომიტეტიდან 72-ე სპეციალური სამსახურის ცენტრში გადავიდა, რომელიც, უცხო ქვეყნების აუდიტორიისთვის ყალბი ინფორმაციის გავრცელებაშია ჩართული. ასევე ვარაუდობენ, რომ 2016 წელს დენისოვს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 2019 წლიდან ის Sputnik-ს ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან - მოლდოვაში.
დენისოვი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, როგორც მოლდოვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირს. მოსკოვმა მისი გაძევება გააპროტესტა.