მოლდოვის პრემიერი გადადგა, სანდუმ მას მადლობა გადაუხადა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა 10 თებერვალს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელიწადნახევარში მისმა მთავრობამ მოახერხა დნესტრისპირეთში პოლიტიკური სიმშვიდის შენარჩუნება, უკრაინიდან ლტოლვილების მიღების ორგანიზება და ქვეყანაში რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისის თავიდან აცილება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"მქონდა პატივი ვყოფილიყავი მოლდოვის პრემიერ-მინისტრი... მე მჯერა მოლდოვის, ამ ქვეყნის მოქალაქეების და იმის, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა", - თქვა გავრილიცამ და აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობას ქვეყნის შიგნით ისეთი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, როგორც ევროკავშირში, ბრიუსელში, ბევრად მეტს მიაღწევდა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მიიღო პრემიერის გადადგომა და მადლობა გადაუხადა მას უზარმაზარი მსხვერპლისა და ძალისხმევისთვის, რომ ქვეყანა ასეთი კრიზისების დროს ემართა.
"მიუხედავად უპრეცედენტო გამოწვევებისა, ქვეყანას ხელმძღვანელობდნენ პასუხისმგებლობით, დიდი ყურადღებით და თავდადებული შრომით. ჩვენ გვაქვს სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება, მაშინ როცა სხვებს სურდათ ომი და გაკოტრება", - თქვა სანდუმ.
მისი თქმით, კანონის თანახმად, გამართავს კონსულტაციებს საპარლამენტო ფრაქციებთან, შემდეგ კი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს.
გადადგომის მიზეზების გაანალიზებისას "რადიო თავისუფლება" წერს, რომ ეს შესაძლოა მმართველი პარტიისა და "მოქმედებისა და სოლიდარობის" ფრაქციას შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს.