მოლდოვის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა და რიგგარშე არჩევნები ჩანიშნა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დაშლის განკარგულებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება მოლდოვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მაია სანდუს თქმით, ახალი არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, რის შემდეგაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოქალაქეების საკეთილდღეოდ იმუშავებენ. 

სანდუს პარლამენტის დაშლა მანამდეც სურდა, თუმცა ამაში ხელს პარლამენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უშლიდა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკანონმდებლო ორგანოს დაშლა შეუძლებელია. 28 აპრილს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა, პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის სარჩელი და უკანონოდ ცნო პარლამენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

საგანგებო რეჟიმის გაუქმებას სანდუს პარტიის გარდა მხარს უჭერდა საპარლამენტო პარტნიორები, მათ შორის რენატო უსატის პარტიაც.

ამ დროისთვის საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პარტიასა და ბიზნესმენ ილან შორის პარტიებს ეკუთვნის. ამგვარად, პარლამენტს მაია სანდუს მოწინააღმდეგეები აკონტროლებდნენ და ხშირად სწორედ ამიტომ ვერ ხერხდებოდა მოლდოვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. 

სანდუს და მის პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ რიგგარეშე არჩევნებს გაიმარჯვებენ და პარლამენტში უმრავლესობას მიიღებენ. გასულ კვირებში მაია სანდუმ პარლამენტი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა და ძალოვან უწყებებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები