"მომდევნო დღეებში გამოვაცხდებთ უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის კოალიციას" - მაკრონი

ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლელი მოკავშირეების ნაწილი უკვე შეთანხმდა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. 

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 

ემანუელ მაკრონმა ლეგიტიმური უწოდა უკრიანის თხოვნას წვრთნების მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ და დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. 

"მომდევნო დღეებს ამ კოალიციის (რედ. უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის) ფორმირების დასასრულებლად გამოვიყენებთ. შევეცდებით კოალიცია მაქსიმალურად ფართე იყოს" - განაცხადა მაკრონმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის დასავლეთი მხრიდან ესკალაცია, ვინაიდან არ გულისხმობს ჯარების გაგზავნას უკრაინაში - "ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის აღიარება მის ტერიტორიაზე."

კონტექსტი 

უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნაზე საუბრები ბოლო კვირებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 27 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ უკვე მიღწეულია. 

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორების განლაგების წერტილები რუსეთისთვის "ლეგიტიმური სამიზნე წერტილი იქნება. 

გასულ დღეებში ემანუელ მაკრონმა უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ გამოაცხადა. უკრაინის დახმარების განახლებული ძალისხმევის ფარგლებში საფრანგეთი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 650 მილიონ ევროს გამოყოფს. 

გარდა ამისა საფრანგეთი უკრაინას საკუთარი წარმოების სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს და გაწვრთნის პილოტებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთი, ასევე გაწვრთნის და სრულად აღჭურვავს საფრანგეთის არმიის 1 სრულ სამხედრო ბრიგადას. 

მსგავსი სიახლეები