მორავიეცკი: ევროპამ უკრაინის მიმართ რუსეთის საფრთხე ძალიან გვიან დაინახა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ეს მთელი ევროპის დამარცხებას ნიშნავს. ეს განცხადება მან 26 ნოემბერს, კიევში, "ლუბლინის სამკუთხედის" შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ამ ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი შედეგი: ან უკრაინა გაიმარჯვებს, ან მთელი ევროპა დაიღუპება. სამწუხაროდ, ევროპამ ძალიან გვიან დაინახა საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის უკრაინას. ამიტომ, არ შეიძლება ახლა იმ დახმარების გადავადება, რომელიც უკრაინას უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა მორავიეცკიმ.

მან აღნიშნა, რომ ომი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინის მთელი ტერიტორია გათავისუფლდება რუსეთის ოკუპაციისგან.

"პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ჩვენ თავისუფლების მხარეზე ვართ. პოლონეთი და, დარწმუნებული ვარ, ლიეტუვაც მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება", - შეაჯამა მორავიეცკიმ.

მორავიეცკიმ და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, დღეს, კიევში, მთავრობის მეთაურების დონეზე "ლუბლინის სამკუთხედის" მეორე შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შემდეგ მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მათ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას "დაისახონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის სრული განთავისუფლება, საერთო მიზნად".

მსგავსი სიახლეები