მორავიეცკი: პოლონეთს სურს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს შეუერთდეს ნატოს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელორუსის ტერიტორიაზე განთავსებას გეგმავს.

ამ ცნობას Polsat News ავრცელებს.

მორავიეცკიმ დაადასტურა, რომ ვარშავა დაინტერესებულია ამ პროგრამაში მონაწილეობით.

"საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ჩვენს ამერიკელ და ნატოს პარტნიორებზე. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ნებას ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ," - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ "ჩვენ არ გვინდა ჩუმად ჯდომა, სანამ პუტინი ყველაფრით გვემუქრება."

ბირთვული იარაღის გაზიარება ნატოს ბირთვული შეკავების პროგრამაა. ის საშუალებას იძლევა ბირთვული ქობინი ალიანსის იმ წევრ ქვეყნებს მიაწოდო, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი. 2009 წლის ნოემბრიდან, პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში იყო განთავსებული.

25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. იმავე დღეს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ატომური იარაღის ბელორუსიაში განთავსება უკვე დაიწყო.

16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელორუსის ტერიტორიაზეა და გადაცემა წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები