მოსკოვის სასამართლომ ქართული ლეგიონის წევრებს პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამ ინფორმაციას "Медиазона" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებაში ფიგურირებენ ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი. მათ ბრალად უკრაინის არმიის დაქირავებით ბრძოლა ედებათ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა "რადიო თავისუფლების" ქართულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმე ლეგიონის 24 მებრძოლის წინააღმდეგ აღძრა.
მამულაშვილი ამბობს, რომ მორალური თვალსაზრისით მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება მებრძოლებისთვის "არაფერს ნიშნავს." თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მთავრობამ, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მებრძოლები საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსკოვს გადასცეს.
"ალბათ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაიმე სახის ხელშეკრულება. მე მაინტერესებს მათი პოზიცია", - აღნიშნა მან.